კანონი მოქმედებს: თამბაქოს მოწევისთვის კიდევ ერთი პირი დაჯარიმდა

"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის დარღვევისთვის დაჯარიმდა კაფე-ბარიც, რადგან არ ჰქონდა გამოკრული თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ბანერები.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ქუთაისის ერთ-ერთ კაფეში თამბაქოს მოწევისთვის ერთი ადამიანი დააჯარიმეს, პოლიციელების დაუმორჩილებლობისთვის კი ორი პირი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში, რომლის თანახმად, თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

სად ვეღარ მოწევთ სიგარეტს 1 მაისიდან: დაშვებული და აკრძალული სახეობები და ადგილები

ახალი რეგულაციების მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის, ელექტრონული სიგარეტის) მოწევა სხვადასხვა დახურულ დაწესებულებებში იკრძალება, მათ შორის კაფეებში, ბარებსა და რესტორნებშიც.

ინცინდენტი ქუთაისში 3 მაისს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია კაფეს ადმინისტრაციამ გამოიძახა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა სამ მოქალაქეს თამბაქოს მოწევის შეწყვეტა მოსთხოვეს. მათგან ერთ-ერთი „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის დარღვევისთვის დააჯარიმეს, ორი კი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს.

რამდენი ადამიანი დააჯარიმეს აკრძალულ ადგილას მოწევისთვის >>>

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დაკავებულები დაჯარიმდებიან, ან შეეფარდებათ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის დარღვევისთვის დაჯარიმდა აღნიშნული კაფე-ბარიც, რადგან შენობაში არ იყო განთავსებული თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ბანერები.

გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საქართველოში საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს მოხმარება აიკრძალა, პოლიციაში კანონის დარღვევის თაობაზე 12 შეტყობინება შევიდა, თუმცა კანონდარღვევის მხოლოდ 3 ფაქტი დადასტურდა და, შესაბამისად, 3 პირი დაჯარიმდა.

თბილისის აეროპორტში თამბაქოს მოწევისთვის განკუთვნილი სივრცე მოეწყო

1 მაისს ამოქმედებული კანონმდებლობით, თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე.

2020 წლის იანვრიდან კი უფრო მკაცრი ნორმები ამოქმედდება — მოწევა ღია სტადიონებსა და სასტუმროს ყველა ნომერში აიკრძალება.

ხოლო 2018 წლის სექტემბრიდან სიგარეტი გაიყიდება ახალი კოლოფებით, რომლებზეც მოწევის მავნებლობის შესახებ წარწერის მოცულობა 30%-დან 65%-მდე გაიზრდება.

2018 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობაში მწეველთა რაოდენობა 33%-ს შეადგენს.