იტალიელი სპეციალისტები საქართველოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში დაეხმარებიან

საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა მუშავდება.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. წამყვანი იტალიელი სპეციალისტები ქართველ კოლეგებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილებას უზიარებენ, ნათქვამია საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

წალენჯიხაში აგრონომებისთვის, სპეციალისტებისა და ფერმერებისთვის გაიმართა ტრენინგი აზიური ფაროსანას მონიტორინგისა და მავნებლის ბიოლოგიის საკითხებთან დაკავშირებით. სწავლება წამყვანმა იტალიელმა პროფესორებმა ლუჩანო ტაველამ და მატეო მასპელომ ჩაატარეს.

„იტალიაში აზიური ფაროსანას მონიტორინგის პროგრამას ვახორციელებთ, ფერმერებს წარვუდგენთ საჭირო ინფორმაციას, რათა მათ თავიანთი პლანტაციების გაკონტროლება შეძლონ. სწორედ ასეთი პროგრამის განხორციელებას ვიწყებთ საქართველოში, რათა ქართველ ფერმერებს აზიური ფაროსანას კონტროლის შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ", — განაცხადა ტურინის უნივერსიტეტის პროფესორმა ლუჩანო ტაველამ.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით წამლობის ღონისძიებები იწყება

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას მუდმივად განიხილავენ სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და თანამედროვე მიდგომებს. ასევე იმართება სამეცნიერო კონფერენციები და შეხვედრები, რაც უზრუნველყოფს მავნებლებთან ბრძოლაში ეფექტური მეთოდების გამოყენებას.

აზიური ფაროსანას მონიტორინგის პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პრაქტიკული სამუშაოები. აგროკონსულტანტები მონიტორინგის სისტემებს 200 წერტილში განათავსებენ.

გარდა ამისა, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი „აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა".

ამ პროგრამის ფარგლებში ჩატარდება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, რომლის მიზანია საქართველოს პირობებში ბიოლოგიური მავნებლის შესწავლა, მისი ბიოლოგიური მტრების გამოვლენა, მათი გამოყენების შესაძლებლობები და მიზანშეწონილობა, მცენარეთა მონიტორინგი და დაცვა.

საქართველოში აზიურ ფაროსანას ებრძვიან

ამ პროექტის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტო სამეცნიერო კვლევებისთვის შოთა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდს 500 ათას ლარს გადასცემს.

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა. გასულ ზაფხულს მავნებლებმა სერიოზული ზიანი მიაყენეს დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობას.

სახელმწიფო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის 2018 წელს 49 მლნ ლარს გამოყოფს. ამას გარდა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს ამ მიზნით 3,5 მლნ დოლარით დაეხმარება.