ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები არასწორ ადგილზე გაჩერებისთვის დაჯარიმდებიან

თბილისის მთავრობამ უნდა დაადგინოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს იმ ქუჩების ჩამონათვალი, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი —  Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პაკეტი, რომელიც, გარდა ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისა, კანონმდებლობას ამკაცრებს სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვისაც, რომლებიც ჩერდებიან ან დგანან ავტობუსების გაჩერების ადგილებზე.

ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შევიდა.

თბილისში მალე პირველი ელექტროავტობუსი გამოჩნდება

კანონში აღნიშნული ჩანაწერით დედაქალაქის ქუჩებში ეტაპობრივად დარეგულირდება ავტობუსების მოძრაობა და განისაზღვრება კონკრეტული ლოკაციები, სადაც მგზავრთა  ჩასხდომა-გადმოსხდომისას უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.

კოდექსს ემატება მუხლები, რომლებიც ითვალისწინებს:

1. 100-ლარიან ჯარიმას სატვირთო და სადისტრიბუციო მანქანების მიერ მოძრაობის წესის დარღვევაზე;

2. 100-ლარიან ჯარიმას ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მიერ დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე დადგენილი გაჩერების წესის დარღვევაზე;

3. 50-ლარიან ჯარიმას დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების მიერ ავტობუსის გაჩერებებზე გაჩერების ან დგომის წესის დარღვევისას;

4. 200-ლარიან ჯარიმას მსუბუქი ავტომობილით — ტაქსით გადაყვანის განხორციელებაზე უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით.

შეღავათიანი სამგზავრო ბარათების უკანონოდ გამოყენებაზე კონტროლი მკაცრდება

გარდა ამისა, თბილისის მთავრობამ უნდა დაადგინოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს იმ ქუჩების ჩამონათვალი, სადაც მიკროავტობუსები გაჩერდებიან მხოლოდ გაჩერებებზე.

ასევე, ცვლილებების მიხედვით, მერია თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს დედაქალაქში ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემისა და გადახდის წესს, ვადას და გაცემის ფასს.

გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ დედაქალაქის თვითმმართველობა ვალდებული ხდება სადისტრიბუციო მანქანებს დაუდგინოს მოძრაობის ადგილი და დრო.

შეზღუდვა შეეხება სატვირთო ავტომობილებსაც, რომლებიც ქალაქში გადაადგილდებიან. სატვირთო ავტომობილების მოძრაობის აკრძალვის სავარაუდო დროდ დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განისაზღვრება 2-2 საათი დილა-საღამოს, პიკის საათებში.