თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძისა და აზიის განვითარების ბანკის ((ADB) პრეზიდენტ ტაკეჰიკო ნაკაოს შეხვედრაზე ბანკის საკრედიტო პორტფელის გაფართოების შესაძლებლობა განიხილეს, აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ბახტაძე ნაკაოს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში შეხვდა. რიგით 51-ე შეხვედრა ქალაქ მანილაში 3-6 მაისს მიმდინარეობს. ბახტაძეს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ასევე დაგეგმილი აქვს მოლაპარაკებები ADB-ს ვიცე პრეზიდენტთან, ცენტრალური და დასავლეთ აზიის ბანკის დეპარტამენტი გენერალურ დირექტორთან.
„აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. ADB არის ერთ-ერთი მსხვილი დონორი ორგანიზაცია ჩვენი ეკონომიკისთვის. ყოველწლიურად, დაახლოებით, 250 მლნ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება ბანკის მეშვეობით საქართველოს ინფრასტრუქტურაში. ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ აზიის განვითარების ბანკმა გააფართოოს თავისი პორტფელი საქართველოში, რათა შევძლოთ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება", — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ბახტაძის თქმით, მისასალმებელია, რომ აზიის განვითარების ბანკი მონაწილეობს ქვეყნის სხვა რეფორმებში, როგორიცაა: კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა, რაც გულისხმობს ფასიანი ქაღალდების, კორპორატიული ობლიგაციების, დერივატივებისა და სხვა ინსტრუმენტების დანერგვას საფონდო ბირჟაზე, ასევე საპენსიო და განათლების რეფორმა.
საქართველოს აზიის განვითარების ბანკის წევრი 2007 წლიდან არის. ADB-ს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში ხორციელდება პროექტები როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორებში. სახელმწიფო სექტორში, ძირითადად, ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები: გზების, ენერგეტიკის, წყლის/წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის მიმართულებით და სხვადასხვა მუნიციპალური პროექტები. ADB-ის მხრიდან ფინანსდება აგრეთვე მთავრობის რეფორმების მხარდამჭერი პროგრამები.
ამჟამად ADB-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხა დაახლოებით 2,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.