როგორ გააოცა Iriao-მ ევროვიზიის ჟურნალისტები

ქართველმა მუსიკოსებმა შეასრულეს კომპოზიცია Take Five, რომელიც დიდი ხანია, ჯაზურ სტანდარტად არის მიჩნეული
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ქართულმა ეთნო-ჯაზ ბენდმა „ირიაო", რომელიც წელს ქვეყანას „ევროვიზიაზე" წარადგენს, ლისაბონში პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები გააოცა, როდესაც რთული ჯაზური კომპოზიცია Take 5 ქართული მანერით შეასრულა.

ვიდეო ჯგუფის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

Take 5 — კომპოზიცია, რომელიც 1959 წლის 1 ივლისს სტუდია Columbia Records' 30th Street Studio-მ ნიუ-იორკში ჩაწერა. კომპოზიცია ორ წელიწადში ჰიტი და ყველაზე გაყიდვადი ჯაზური სინგლი გახდა. ეს კომპოზიცია ძალზე პოპულარულია დღესაც და მრავალი გამოჩენილი შემსრულებლის რეპერტუარში შედის.

ქართველ ემიგრანტებს ევროვიზიაზე ჯგუფ „ირიაოს“ მხარდაჭერისკენ მოუწოდეს

მუსიკოსებს გამოსვლამდე ზუსტად ერთი კვირა დარჩათ. ქართველები მეორე ნახევარფინალში 10 მაისს გამოვლენ.

ქართველი მუსიკოსები კონკურსზე 10 მაისს სიმღერით „შენი გულისთვის" გამოვლენ. ის კომპოზიტორმა და ჯგუფის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით მალაზონიამ დაწერა. არანჟირება მიხეილ მდინარაძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტის ავტორია ირინე სანიკიძე.

„ევროვიზია 2018"-ის ოფიციალური დევიზია — „ყველანი ბორტზე!", რაც გამოხატავს პორტუგალიის განსაკუთრებულ ადგილმდებარეობას, რომელიც დანარჩენ ევროპას ატლანტის ოკეანესთან აკავშირებს. ასევე ცნობილია კონკურსის ლოგო, რომელიც ზღვის ნიჟარას წააგავს.

63-ე კონკურსის ნახევარფინალები 8 და 10 მაისს, ხოლო ფინალი 12 მაისს გაიმართება.