რას ყიდულობს და რა გააქვს საქართველოდან შვეიცარიას

2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოსა და შვეიცარიას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 41,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, აქედან, ექსპორტმა 19,4 მილიონი, იმპორტმა კი 22,2 მილიონი შეადგინა
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან შვეიცარიაში ექსპორტზე გავიდა დაუმუშავებელი ოქრო და საათები, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ქვეყნის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით.

1 მაისიდან ძალაში შევიდა  საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებს — შვეიცარია და ლიხტენშტეინი —  შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.

ქართული ვისკი შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

2018 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით საქართველოდან შვეიცარიაში ძირითადად დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქრო გადის. აღნიშნული პროდუქციის ექსპორტმა 17, 9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 18,5%-ით მეტია.

გარდა ამისა, წელს შვეიცარიაში ასევე გავიდა 439 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სუნამო; 309 ათასი აშშ დოლარის ღირებულების თხილი; 268 ათასი დოლარის ღირებულების საათები; 156 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კოსმეტიკური საშუალებები.

შვეიცარიიდან საქართველოში ძირითადად სამედიცინო პროდუქცია შემოდის. იანვარ-მარტში დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტმა ქვეყანაში 8,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რენტგენული აპარატურის – 5,9 მილიონი აშშ დოლარი,  ადამიანისა და ცხოველების სისხლის ან იმუნური შრატების – 1,37 მილიონი აშშ დოლარი,  აღდგენილი ან ნახმარი საბურავების – 712 ათასი აშშ დოლარი და ა.შ.

რაც შეეხება ლიხტენშტეინს, 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 138 ათასი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, ექსპორტი კი არ განხორციელებულა.