რა მოდელზე გადადის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

რეფორმების პაკეტი სხვადასხვა სიახლეს ითვალისწინებს, მათ შორის, მოხალისეთა სისტემას, ალტერნატიულ სამხედრო სამსახურსა და კრიზისების პრევენციის მიზნით, სამეცნიერო წრეების ჩართვას
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს რეფორმების  ფარგლებში დეტალურად გაიმიჯნება  სახელმწიფო უწყებების კომპეტენციები და  საგანგებო სიტუაციების სამსახური უფრო მეტად პასუხისმგებელი, გადაწყვეტილების მიმღები და ეფექტური გახდება,  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოხალისეთა სისტემა შეიქმნება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2018 წლის იანვარში საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ბაზაზე შეიქმნა. ახალი სტრუქტურა  შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარა.  მას  შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.

პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის განცხადებით, რეფორმების პაკეტი ითვალისწინებს სხვადასხვა სიახლეს, მათ შორის,  მოხალისეთა სისტემას, ალტერნატიულ სამხედრო სამსახურსა და კრიზისების პრევენციის მიზნით  სამეცნიერო წრეების ჩართვას.
„სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე და განახლებაზე. უკვე გამოცხადებულია ტენდერი სპეციალურად ტყეებისთვის სახანძრო მანქანების შეძენაზე,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გარდა ამისა,  საქართველოს ხელისუფლება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მთლიანად განახლებას აპირებს. შეთანხმების თანახმად ავსტრიული კომპანია „როზენბაუერი“ (Rosenbauer) სახანძრო-სამაშველო  ტექნიკის წარმოებას საქართველოში სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტ „დელტას" ბაზაზე დაიწყებს. კერძოდ,  მანქანები აეწყობა „პიკაპის“ კონსტრუქციაზე, რომელსაც ექნება კომპანია „როზენბაუერის“ აპარატურა და მოწყობილობა.

გიორგი მღებრიშვილის მომავალი თანამდებობა ცნობილია

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე მალე, რამდენიმე თვეში გვექნება პირველი ეგზემპლარი და წლის ბოლომდე, პრაქტიკულად, უნდა გვქონდეს გამართული წარმოება ასეთი ტიპის მანქანების“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მანამდე გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ უწყებაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გაუმჯობესდება მეხანძრე-მაშველების სოციალური გარანტიები და სისტემა თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება. შეიქმნება მოხალისეთა ინსტიტუტი, რომელიც  პირველ ეტაპზე იმ რეგიონებში დაიწყებს ფუნქციონირებას, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროება არსებობს და სახანძრო-სამაშველო ჯგუფებსაც შემთხვევის ადგილზე მისასვლელად გარკვეული დრო სჭირდებათ.

გარდა ამისა, ახალწვეულები, რომლებსაც რელიგიური შეხედულებების გამო არ სურთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა, ვალდებული იქნებიან საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იმსახურონ და ალტერნატიული სამხედრო სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო-სახანძრო დანაყოფებში მოიხადონ. ინიციატივის თანახმად, ახალწვეულები არ მიიღებენ უშუალო მონაწილეობას ხანძრის ჩაქრობაში, მხოლოდ პროფესიონალებს დაეხმარებიან.