ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი სამჯერ უფრო მეტ მგზავრს მოემსახურება

ახალი ტერმინალი ექსპლუატაციაში 2019 წლის დასაწყისში შევა და საათში ათასამდე მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტის შესაძლებლობები გასამმაგდება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.  

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 36 პროცენტით გაიზარდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. ამ დროისთვის შესრულებულია რკინა-ბეტონის სამუშაოების 90%, რომელიც სრულად მაისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება რკინის კონსტრუქციების მონტაჟის სამუშაოები და ამით პირველი ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები დასრულდება.

ახალი ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN Studio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი კი, „IATA კონსალტინგის“ მიერ არის გაკეთებული, რომელმაც ყველა იმ მომსახურების სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.

ქუთაისის აეროპორტი ყველაზე ლამაზ აეროპორტად აღიარეს>>>
განახლებული ტერმინალი 2019 წლის დასაწყისში, აეროპორტის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ დაიწყებს ფუნქციონირებას და ერთდროულად სამჯერ მეტ მგზავრს მიიღებს.

ქუთაისის აეროპორტში დამატებითი ტერმინალის მშენებლობის აუცილებლობა მგზავრთნაკადის ზრდის გამო გაჩნდა.

„დღეს აეროპორტი საათში 300-მდე მგზავრს ემსახურება, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება 1000-1100 მგზავრის მომსახურება. დღეს აეროპორტში 450 ადამიანი მუშაობს, მას შემდეგ კი, რაც ტერმინალი დასრულდება, მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნება და, შესაბამისად, ახალი შესაძლებლობები გაჩნდება რეგიონში“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

პროექტის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტს ექვსი გასასვლელი ექნება და საათში ათასამდე მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში პოპულარობით მეორე აეროპორტია, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით რეისებს ლოუკოსტერი კომპანიები ახორციელებენ. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან დასავლეთით, 14 კმ-ში მდებარეობს. აეროპორტის ოფიციალური გახსნა 2012 წლის სექტემბერში გაიმართა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის იანვარ–თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთა ნაკადი 6,7%-ით გაიზარდა და დაახლოებით 48,9 ათასი ადამიანი შეადგინა.

ქუთაისის აეროპორტის პრიორიტეტს საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და კონკურენტული გარემოს შექმნა წარმოადგენს.