SOS: აჭარაში ტუბერკულოზის გავრცელების საგანგაშო მდგომარეობაა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე განცხადებას არ აკეთებს
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. აჭარაში ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი საგანგაშოა,  იუწყება აჭარის ტელევიზია.

ტელეკომპანიის ცნობით, ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი სავალალო მდგომარეობაშია, არ არის თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რის გამოც პაციენტები ხშირად უარს ამბობენ სტაციონარში მკურნალობასა და ჰოსპიტალიზაციაზე.

რატომ გაივლიან სპეციალურ შემოწმებას თბილისის 152–ე ბაგა–ბაღის აღსაზრდელები

ტუბერკულოზის ცენტრში ადასტურებენ, რომ რეგიონში დაავადების რიცხვი მართლაც საგანგაშოა და პაციენტები  ცენტრში არსებული არასახარბიელო გარემოს გამო ხშირად უარს ამბობენ მკურნალობაზე.

„ლაბორატორია, დისპანსერი არის ძალიან შეუფერებელი, საჭიროებს გადაუდებელ რემონტს. როცა პაციენტები  ასეთ მდგომარეობას ხედავენ, უარს ამბობენ მკურნალობაზე. ისინი  მიდიან თბილისში ან სხვაგან, ზოგიც გვეკარგება“,- აცხადებს ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიმიტრი ცეცხლაძე.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომლის დაქვემდებარებაშიცაა ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი, ამ ეტაპზე განცხადებას არ აკეთებს.

აჭარაში წითელას ვირუსის ლოკალური აფეთქებაა

სამედიცინო დაწესებულების ერთი ნაწილი, სადაც მძიმედ დაავადებულები  სტაციონალურ მკურნალობას გადიან, საერთაშორისო ორგანიზაციამ „ექმიმები საზღვრებს გარეშე“ გაარემონტა.
ტუბერკულოზი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციური დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად ფილტვებს აზიანებს. მეოცე საუკუნემდე იგი პრაქტიკულად განუკურნებელი დაავადება იყო.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს მსოფლიოში 10,4 მილიონ ადამიანს დაუდგინდა ტუბერკულოზი და 1,7 მილიონი გარდაიცვალა ამ მიზეზით, რომელთა 95% მოდის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე.  2016 წელს ტუბერკულოზით დაავადდა დაახლოებით 1 მილიონი ბავშვი და გარდაიცვალა — 250 ათასი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენრის ინფორმაციით, საქართველოში უკანასკნელ წლებში აღინიშნება ტუბერკულოზის გავრცელების კლების ტენდენცია.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2017 წელს  ყველა ფორმის ტუბერკულოზის 2913 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის 2131 ახალი შემთხვევაა.

საქართველოში ტუბერკულოზით ყველაზე ხშირად ავადდებიან 25-დან 34 წლამდე მამაკაცები და 19-დან 25 წლამდე გოგონები.