წინაპართა ნაკვალევზე – ქვევრის კახური ღვინო ახმეტელი მეღვინისგან

ქვევრი უნიკალური თვისებებით გამოირჩევა, რაც მასში დაწურულ ღვინოს უფრო არომატულს და საინტერესოს ხდის. ქვევრის ღვინო ოდითგანვე ქართული მეღვინეობის ღირსებას და სიამაყეს წარმოადგენდა. ჩვენი წინაპრები ქვევრში ღვინოს ათასწლეულების განმავლობაში აყენებდნენ.
Sputnik

მეღვინე ნიკოლოზ ალავიძე ახმეტის რაიონში ცხოვრობს, ვენახიც ახმეტის რაიონში აქვს გაშენებული. პროფესიით ინჟინერ-მშენებელია და აქამდე მეღვინეობასთან შეხება არ ჰქონია. თუმცა ერთ დღესაც გადაწყვიტა — მივიწყებული საგანძური, საუკუნოვანი, მამაპაპისეული ქვევრები გაეხსნა და ღვინის წარმოება დაეწყო.

ნიკოლოზ ალავიძე

 

— ვცხოვრობ კახეთში, ახმეტაში. სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ტიპის საქმიანობას ვეწეოდი, რომელიც ღვინის სფეროსგან რადიკალურად იყო განსხვავებული. არცთუ ისე შორეულ წარსულში ქვევრის ღვინო ნაკლებად პოპულარული იყო და საზოგადოებაშიც სხვაგვარი წარმოდგენები არსებობდა. მას შემდეგ, რაც ქვევრმა და ქვევრში დაყენებულმა ღვინომ ყურადღება მიიქცია, ჩვენც გავიხსენეთ მივიწყებული საგანძური — საუკუნოვანი, მამაპაპისეული ქვევრები და გადავწყვიტეთ სახლისთვის ღვინო ამჯერად ქვევრში დაგვემზადებინა.

ღვინო ვინომი

მიღებული შედეგით გაოცებული დავრჩით. ასაკიდან გამომდინარე, ქვევრმა ღვინო განსაკუთრებულად საინტერესო გახადა. შემდეგ წლებში კი უფრო და უფრო საოცარი გემოვნური თვისებებით ხასიათდებოდა. ასე გავიდა 7-8 წელი. ერთხელაც გაცილებით ბევრი ყურძენი დავწურეთ. წლის ბოლოს კი აღმოვაჩინეთ, რომ საკმაოდ ბევრი ღვინო დაგვრჩა. შემდეგში გაჩნდა იდეა ღვინო ბოთლებში ჩამოგვესხა. დაგროვილმა გამოცდილებამ, ხარისხმა და რაოდენობამ გაგვაბედინა ღვინო ფართო საზოგადოებისთვის გაგვეზიარებინა. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას საკმაო დრო დასჭირდა. 2015 წელს დაყენებული ღვინო პირველად 2017 წლის გაზაფხულზე გავიტანეთ სარეალიზაციოდ.

 

ღვინო ვინომი

– სად გაქვთ ვენახი გაშენებული?

— ვენახი ახმეტაში გვაქვს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ადრე ამ ადგილს ბითაანის ზონას ეძახდნენ და განსაკუთრებით სახელგანთქმულ ზვრებად ითვლებოდა.

– ვისთან ერთად ეწევით ამ საქმიანობას?

— WinoMi ჩვენი ოჯახის ბიზნესია. საქმიანობაში მეტ-ნაკლებად ყველანი ვართ ჩართული. თუმცა მარკეტინგულ განვითარებაში დაარსების დღიდან სხვა თანამშრომლებიც არიან ჩართულები. კომპანიის ზრდაში ყველას როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

ღვინო ვინომი

– როდის ისწავლეთ მეღვინეობა და თქვენ თავად რამდენად ხართ ჩართული მუშაობის პროცესში?

— ხარისხზე ორიენტაცია განვითარების უწყვეტი პროცესია. ერთია ღვინის დაყენება სახლისთვის და მეორე – ღვინის წარმოება, რაც განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობაა ღვინისა და ქვევრის სამშობლოში და ჩემთვის, როგორც WinoMi-ს მეღვინესთვის. ცოდნა ერთ-ერთ ღვინის სკოლაშიც გავიღრმავე. სწავლის და ძიების პროცესი ახლაც გრძელდება.

– რა შეგრძნება დაგეუფლათ, როცა თქვენი წარმოებული ღვინო პირველად ჩამოისხა ბოთლში?

— საოცარი შეგრძნებაა. მაშინ, როცა პირველად ჩამოისხა ბოთლში, როცა პირველად გავიტანეთ მაღაზიებში, როცა პირველი ბოთლი გაიყიდა, როცა პირველად გავიზიარეთ მომხმარებლის შთაბეჭდილება და ყოველთვის, როცა რაღაც კარგს ვიგებ, საოცარი შეგრძნება მეუფლება და ეს არ არის მხოლოდ სიამაყე, ეს არის სიყვარული, გამარჯვება, სტიმული. ეს არის ყველაფერი ერთად.

რამდენიმე დღის წინ 2017 წლის მოსავლის ღვინოების წარდგენა გვქონდა. წელს ჩვენი ღვინის ასორტიმენტს — რქაწითელს და საფერავს, ახალი ღვინოებიც შეემატა: ქისი და მწვანე. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ სომელიეები, ღვინის მაღაზიებისა და ბარების, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები. საღამოს მთავარი მიზანი სეგმენტირებული აუდიტორიისთვის ღვინის დეგუსტაციის გარდა იყო შთაბეჭდილებების გაზიარება. ძალიან ბევრი დადებითი და სასიამოვნო შეფასება და რჩევა მივიღეთ, რამაც ძალიან გაგვაბედნიერა და დიდი ნაბიჯი გადაგვადგმევინა მომავლისკენ.

ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე თითქმის ყველა მაღაზიასა და ბარში ვართ წარმოდგენილი. WinoMi-ს შეძენა და დაგემოვნება საკურორტო ზონებში — გუდაურსა და ყაზბეგშიცაა შესაძლებელი. გასულ წელს ლიმიტირებული რაოდენობის გამო ექსპორტზე გასვლა არც გვიცდია. ახლა კი, დახვეწასა და ხარისხის მუდმივ ზრდასთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი ქვეყნის სახელით ღირსეული გასვლა და ასპარეზობა ერთ-ერთი პრიორიტეტია.