„პატარა საქართველო“ ორლეანში და ქართველი მომღერლის ფირფიტები მადამ დომენიკეს კარადაში

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის ცხოვრება იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა დამკვიდრდე უცხოეთში ისე, რომ ღირსებაც შეინარჩუნო და საკუთარი თავის რეალიზებაც მოახდინო. გაიცანით - საფრანგეთში მცხოვრები მუსიკოსი და დღეს უკვე სოციალური სფეროს მუშაკი ბელა მაისურაძე.
Sputnik

პროფესიით პიანისტია და თბილისში მუსიკალური სასწავლებლის საფორტეპიანო ფაკულტეტი დაამთავრა. მაშინ ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ ერთ დღესაც ცხოვრება სულ სხვა გზით წაიყვანდა და უცხო ქვეყანაში მისთვის უცნობ პროფესიას აითვისებდა. დღეს მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში დაარსებული, მთელ ქვეყანაში ცნობილი და პრესტიჟული ასოციაციის ADMR წევრია. მუსიკა კი, როგორც სულიერი საზრდო, უბრალოდ ყველა სირთულის გადალახვაში ეხმარებოდა.

ბელა მაისურაძე

ფრანგულ მეგაპოლისში — ფრანგული ენის ცოდნის გარეშე…

წარმოშობით რაჭველი ვარ, ონის რაიონიდან. ოჯახის ყველა წევრი იქ მყავს. საქართველო 18 წლის წინ დავტოვე მეუღლის გარდაცვალების შემდეგ. მაშინდელმა მდგომარეობამ ბევრს დაატოვებინა სამშობლო და უკეთესი მომავლის საძებნელად უცხოეთში გადახვეწა. მათ შორის აღმოვჩნდი მეც. ჩემ ხუთი წლის ბაჩუკისთან ერთად საფრანგეთს შევაფარე თავი. აღმოვჩნდი უზარმაზარ მეგაპოლისში ისე, რომ ფრანგული ერთი სიტყვა არ ვიცოდი. პარიზიდან ორლეანში ჩამოვედი. აქ წითელმა ჯვარმა შეგვიფარა. ახლა რომ გადავხედავ მაშინ გადადგმულ ჩემ ნაბიჯს, რაღაცნაირი შიშის გრძნობა მეუფლება. ბევრი საშინელი დღე გადავიტანეთ. მალე მივხვდი, რომ ენის ცოდნის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი და კატასტროფული სისწრაფით ვისწავლე ენა. ბაჩო საბავშვო ბაღში ჩაწერა წითელმა ჯვარმა. გაგიკვირდებათ და ჩემი პირველი ფრანგულის მასწავლებელი ჩემი პატარა ბიჭი იყო. რაიმე ახალ სიტყვას რომ მოიტანდა ბაღიდან, ვეკითხებოდი და ისე ვსწავლობდი. ექვს თვეში უკვე სხვა ქართველებს დავყვებოდი თარჯიმნად. მალე საფრანგეთში არსებულ სათამაშოების მაღაზიის ძალიან დიდ ქსელში Joue Club მივედი. სამი წლის მერე მოადგილედ დამნიშნეს, რაც იქ ასე ადვილი არ არის. ჩემი შვილი ბაჩო ჩემი ჰაერი და სტიმულია. მან ორლეანის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სორბონაში გადაიტანა საბუთები და სწავლა ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა. ამის შემდეგ სწავლის გაგრძელების სურვილი მეც გამიჩნდა და სწავლა სამედიცინოზე სოციალური განხრით გავაგრძელე.

ბელა მაისურაძე შვილთან ერთად

– ქალბატონო ბელა, დღეს თქვენ საფრანგეთში ცნობილი ასოციაციის წევრი ხართ…

— საფრანგეთში 2013 წელს სოციალური მუშაკის დიპლომი ავიღე. ახლა ასოციაცია ADMR-ის წევრი ვარ. ის მთელ საფრანგეთშია ცნობილი და აქ ჩემი მეორე პროფესიით უკვე მეოთხე წელია ვმუშაობ. ვარ Responsable de service PAPH, რაც მოხუცებისა და შშმ პირებისთვის სერვისის პასუხისმგებელ პირს ნიშნავს. ეს ასოციაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმ მიზნით ჩამოყალიბდა, რომ უკაცოდ დარჩენილი ოჯახებისთვის დახმარება გაეწია. აქ მყავს 600-მდე მოხუცი და 70-მდე ფიზიკური თუ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი, რომლებსაც კვალიფიცირებული პერსონალი ემსახურება. 40-კაციან ჯგუფის წევრებს სხვადასხვა სამუშაოზე სირთულის მიხედვით მე ვანაწილებ.

ბელა მაისურაძე რაჭაში

– საფრანგეთში ყოფნის დროს საქართველოსთან დაკავშირებული რაიმე განსაკუთრებული ამბავი ხომ არ გახსენდებათ?

— ერთი საოცარი და ჩემთვის მოულოდნელი შეხვედრა მახსენდება: მოხუცი ქალბატონი მყავდა, დომინიკე ერქვა. ერთხელ მასთან მივედი საქმიანობიდან გამომდინარე, ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად. მოვეფერე, დავამშვიდე და ვუთხარი, რომ დავუნიშნავდი ისეთ პერსონალს, როგორიც მის ხასიათს შეეფერებოდა. ბევრი ვილაპარაკეთ და როცა ვუთხარი, რომ საქართველოდან ვარ, ქართველი, შეცბა, მისი თვალები არ დამავიწყდება. ეს ძლივს მოსიარულე ქალბატონი უცებ ფეხზე წამოდგა და ძველი კარადისკენ გაეშურა. იქიდან გადმოიღო ძველი ფირფიტები და რას ვხედავ?! — ეს იყო ნანი ბრეგვაძის ქართული სიმღერები და რუსული რომანსები. „ეს ჩემი ყველაზე საყვარელი მომღერალია", — მეუბნება… ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ფირსაკრავზე ჩამირთო და ორივე ცრემლიანი თვალებით ვუსმენდით და ვტკბებოდით. ეს იყო ჩემთვის დაუვიწყარი დღე და დაუვიწყარი ემოცია.

ბელა მაისურაძე ფრანგ მეგობრებთან ერთად

მუსიკა, როგორც ასეთი — ჰამლეტ გონაშვილის სიმღერები ორლეანში

— მუსიკა, სიმღერა, ხელოვნება ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. ნებისმიერ სიტუაციაში თუ ხასიათზე ყოფნის დროს ყოველთვის ვპოულობ შესაბამის მელოდიას. უფრო ხშირად შოპენს ვუსმენ, მაგრამ მოცარტიც მიყვარს. მოცარტის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მისი მუსიკა შენი ხასიათის მიხედვით შეგიძლია ააჟღერო, ანუ ის მოგყვება. ფრანგმა მეგობრებმა ჩემი წყალობით იმდენად კარგად იციან ქართული მუსიკა, როცა ისმენენ, მაშინვე ხვდებიან ქართულიაო და მას ძალიან ამსგავსებენ კორსიკულ ფოლკლორს, რადგან კორსიკულიც მრავალხმიანია. ორლეანში დიდი მედიათეკაა, რომლის აღმოჩენამ გამახარა. უბედნიერესი ვიყავი, როცა იქ ჰამლეტ გონაშვილის და „ქართული ხმების“ კომპაქტ-დისკებს წავაწყდი. როცა სახლში მივრბოდი, CD-ებს ჩავრთავდი და ვუსმენდი… ამ დროს „საქართველოში ვიყავი“ და ყველა ნაცნობ ქუჩას და ყველა სახლს „ვხედავდი“, წარმოვიდგენდი ჩემ ოჯახს და მათ ფუსფუსს…

ბელა მაისურაძე

„პატარა საქართველო“ საფრანგეთში

დღეს საფრანგეთში მუდმივი ცხოვრების უფლება მაქვს. აქ მეგობრების, კოლეგების, მეზობლების კარგი წრე მყავს და ჩემი დახმარებით ისინი საქართველოს, ჩვენ კულტურას და სამზარეულოს კარგად იცნობენ. ისე, ერთი ფრანგული თვისება უნებურად მეც გადმოვიღე: სტუმრებს სადილამდე ჯერ აპერიტივი, ერთი ჭიქა ფრანგული ღვინო უნდა მივართვა ხოლმე. ქართული სამზარეულოდან ფრანგებს ძალიან მოსწონთ ნიგვზიანი ბადრიჯანი, „ნაპოლეონი“ და ხაჭაპური. ჩურჩხელას თავიდან ვერაფერი გაუგეს, წინ და უკან ატრიალეს და ბოლოს კითხვა გაუჩნდათ – ძაფი რატომ არის შიგნით, ალბათ იჭმება, რახან შიგნით არის მოქცეულიო. იქ უკვე ჩემი ჩარევა გახდა საჭირო და ავუხსენი. ყველაზე მეტად ჩვენი საფერავი მოეწონათ, ხვანჭკარაზე კი, საერთოდ მეტყველება დაკარგეს! კულინარია ჩემი ერთ-ერთი ჰობია და დღეს ინტერნეტ-საიტი Dolce Vita-ს წყალობით საშუალება მეძლევა ჩემი ცოდნა ყველას გავუზიარო. სახლში, შემოსასვლელში ქართული დროშა მიკიდია. ეს სიმბოლურია, რადგან მეგობრები ჩემთან რომ მოვლენ, მინდა სიმბოლურად ჩათვალონ, რომ ფეხს პატარა საქართველოში აბიჯებენ…