ქართველი სამხედროები ესტონეთში მასშტაბურ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას

ქართველი ოფიცრები სხვა ქვეყნების 15 000 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად ესტონეთში სამხედრო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას
Sputnik

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ქართველი ოფიცრები ხუთშაბათიდან ესტონეთში ჩაერთვებიან უმსხვილეს სამხედრო წვრთნებში სახელწოდებით „ზღარბი“(Siil), იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

სამხედრო წვრთნები ესტონეთში ოთხშაბათს დაიწყო და 14 მაისამდე გაგრძელდება. მთავარი მოქმედება ესტონეთის სამხრეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთში განვითარდება, ასევე ნაწილობრივ ლატვიის ტერიტორიაზე ჩატარდება. საქართველოს მხრიდან წვრთნებში შეიარაღებული ძალების სამი წარმომადგენელი ჩაერთვება.

ქართველი ინსტრუქტორები ავღანელ სამხედროებს ამზადებენ >>

მანევრებში მონაწილეობას მიიღებს 15 000 სამხედრო მოსამსახურე: ესტონეთის თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, თავდაცვის კავშირის მოხალისეები, რეზერვისტები, ასევე სამხედროები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან, მათ შორის ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, დანიიდან, ირლანდიიდან, კანადიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, აშშ-დან, უკრაინიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან.

უპრეცედენტო პროექტი სკოლებში – „ჩვენი ჯარი“

წვრთნების მიზანს წარმოადგენს საომარი მოქმედებების დროს სახელმწიფო თავდაცვის ფარგლებში რეზერვისტთა და ქვეითი ჯარების მიერ დასმული ამოცანების შესრულებისთვის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება. საბრძოლო ამოცანების შესრულების კუთხით დაიხვეწება თანამშრომლობა თავდაცვის ძალებსა და თავდაცვის კავშირის ქვედანაყოფებს შორის, იუწყება „Sputnik-ესტონეთი“.

წვრთნების ლეგენდით, მთავარ მეტოქედ წარდგება გამოგონილი სახელმწიფო მურინუსი, რომლის მიზანია ესტონეთში სიტუაციის დესტაბილიზაცია და ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის განხეთქილების შექმნა. წვრთნების რუკის მიხედვით, მურინუსი თანამედროვე რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიას მოიცავს.