თბილისი, 1 მაისი — Sputnik. პოპულარული ქართული ფოლკ-როკ-ჯგუფი „მგზავრები" პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალი Berlin Music Video Awards-ის (BMVA) ნომინანტების სიაში მოხვდა, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
სიმღერის „დამპირდი" კლიპი, რომელიც რეჟისორმა ივან სოსნინმა გადაიღო, ნომინაცია Best Low Budget-ის მოპოვებისთვის ცხრა კონკურსანტთან ერთად იბრძოლებს.
BMVA მოიცავს მუსიკალურ ფესტივალს ღია ცის ქვეშ და საუკეთესო მუსიკალური ვიდეორგოლების, პროდიუსერებისა და ავტორების დაჯილდოების ცერემონიას.
გამარჯვებულთა დაჯილდოება ბერლინში 26 მაისს გაიმართება. სხვადასხვა ნომინაციებში წარდგენილი არიან ისეთი ცნობილი შემსრულებლები, როგორიცაა Fergie, Elton John, Bjork, Lady Gaga, Tokyo Hotel და Jay-Z.
გასულ წელს BMVA-ს გამარჯვებულთა შორის ქართველი მომღერალი ქეთი მელუა იყო.
Berlin Music Video Awards — შემსრულებელთა და ვიდეორგოლების საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც ბერლინში 2013 წლიდან რეგულარულად იმართება. იგი 14 ნომინაციას აერთიანებს.
ჯგუფი „მგზავრები" 2006 წელს ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა დააარსა. 2008 წელს გამოვიდა ჯგუფის პირველი ალბომი „მე მოვიგონე", რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა.
მუსიკოსების შესრულების მანერა ინდივიდუალურია და იგი ფოლკლორული რიტმების, მრავალხმიანობის, იმპროვიზაციისა და თანამედროვე და კლასიკური ელემენტების სინთეზია. 2016 წლის თებერვალში ჯგუფმა „მგზავრები" რუსული პრემია Чартова Дюжина მიიღო — ქართველმა მუსიკოსებმა გაიმარჯვეს ნომინაციაში Взлом.
მუსიკოსები აქტიურად მართავენ კონცერტებს რუსეთის, უკრაინის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.