გახარია: ჩვენ გვაქვს სამწუხარო, ტრაგიკული ფაქტი

შინაგან საქმეთა მინისტრი ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს, რაც ახალი თაობის ნარკოტიკს უკავშირდება.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს, იუწყება ტელეკომპანია Imedi მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით.

შემზარავი ფაქტი: თბილისში 21 წლის გოგოს სიკვდილის მიზეზი – მეფედრონი თუ?..

მანამდე ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია სამი ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ, რასაც ახალი თაობის ნარკოტიკს — „მეფედრონს“, იგივე „აბაზანის მარილს“ უკავშირებენ.

„სამწუხაროდ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ გარდაცვალების ორი ფაქტი. რა თქმა უნდა, გამოძიების საქმეა ზუსტად დადგინდეს – რა ვითარებაში და რის გამო დადგა ეს ფაქტი. გამოძიება მიმდინარეობს ისეთ ფორმატში, რომ ის განიხილავს ყველა ვერსიას და, შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგეს შედეგი", — აღნიშნა გახარიამ.

შინაგან მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ ვებ-გვერდი, რომლის საშუალებითაც ნარკოტიკული საშუალებების ონლაინ-რეჟიმში შეძენა ხდება, დაბლოკვის მიუხედავად, მაინც ფუნქციონირებს.

„მარეგულირებელ კომისიასთან ერთად ჩვენ ერთხელ უკვე დავბლოკეთ ეს საიტი. ამ საიტის ძირითადი კომპონენტი დაბლოკილია, თუმცა ხდება გვერდის ავლით, სხვადასხვა საშუალებებით ამ საიტზე მოხვედრა", — განაცხადა მინიტრმა.

ტრაგედია კლუბში: გახდა თუ არა მეფედრონი ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი

როგორც გახარიამ განმარტა, დღევანდელი ტექნოლოგიების დონეზე შეუძლებელია იმ ელექტრონული სივრცის სრულად გაკონტროლება, სადაც მსგავსი დანაშაული ხდება.

ახალი თაობის ნარკოტიკი — „მეფედრონი“, ძლიერი ფსიქოსტიმულატორია. „მეფედრონით“ თრობის დროს დამახასიათებელი სიმპტომებია ეიფორია, ენერგიის მატება, აღგზნება, გადამეტებული აქტიურობა, პულსისა და სუნთქვის გახშირება, ცხვირიდან სისხლდენა, არტერიული წნევის მატება, შფოთვა, პარანოია, გულღიაობა, ლაპარაკის სურვილი, მოუსვენრობა, კონკრეტული ნარკოტიკული ნივთიერების მიმართ დაუძლეველი შიმშილი.

„მეფედრონს“, ანუ „აბაზანის მარილს“ ნარკორეალიზატორები სხვა ცნობილი კლუბური ნარკოტიკის სახელით ყიდიან.

ნარკოლოგების ინფორმაციით, „მეფედრონი“ დამოკიდებულებას იწვევს და კლინიკებში მიმართვიანობაც ყოველდღიურად იზრდება. პაციენტების უმეტესობა არასრულწლოვანია.