თბილისი, 1 მაისი — Sputnik. „ფაჯრის" რიგით 36-ე პრესტიჟულ კინოფესტივალზე (FIFF — Fajr International Film Festival), რომელიც თეირანში 19-27 აპრილს გაიმართა, ექვსი ქართული ფილმი აჩვენეს, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფესტივალზე საქართველოს კინემატოგრაფია იმ ექვსი სურათით იყო წარმოდგენილი, რომლებიც 2016-2017 წლებში გადაიღეს.
„ფაჯრის" საერთაშორისო პროგრამის ხელმძღვანელის კამიარ მოჰსენინის განმარტებით, ქართული ფილმები სხვა ქვეყნების კინემატოგრაფიისგან მკვეთრად განსხვავებული და თვითმყოფადია. გარდა ამისა, თანამედროვე ქართულ კინოს გამოარჩევს ახალი ხედვა, კაშკაშა შემოქმედებითი ნიჭი, მაღალი ხარისხისკენ მისწრაფება და კინოკადრის სილამაზე.
„ფაჯრის" კინოფესტივალზე, რომლის ფარგლებში ქართულ კინოს სპეციალური რეტროსპექტივა მიეძღვნა, წარმოდგენილი იყო გიორგი ოვაშვილის „ხიბულა", გიორგი ბარაბაძის „ლუკა", რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი", ანა ურუშაძის „საშიში დედა", მარიამ ხაჭვანის „დედე" და ნათია ნიკოლაშვილის ანიმაციური ფილმი „ლილე".
საქართველოს კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „ხიბულა" და ანიმაციური ფილმი „ლილე" წარმოდგენილი იყო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში Eastern Vista.
„ფაჯრი" (FIFF — Fajr International Film Festival) — ყოველწლიური ფორუმია, რომელიც ირანში ისლამური რევოლუციის წლისთავის აღსანიშნავად ტარდება. ფესტივალის სიმბოლოა მითიური ფრინველი სიმურგი. ფესტივალი დააარსდა 1983 წელს, ხოლო 1995 წლიდან საკონკურსო პროგრამას უცხოური ფილმებიც შეემატა.
კინოფესტივალის მთავარი პრიზი — „ბროლის სიმურგი" ჟიურის გადაწყვეტილებით გადაეცემა როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ კატეგორიებში. ფილმების ჩვენებები, თეირანის გარდა, ზოგიერთი პროვინციის ცენტრსა და მსხვილ ქალაქში მიმდინარეობს.