როდის ამუშავდება რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა

საბაგირო გზების ტექნიკური დათვალიერება ყოველი 22,5 ათასი საათი მუშაობის შემდეგ ტარდება.
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 1 მაისს ამუშავდება, აღნიშნულია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

თბილისი შესაძლოა საბაგირო გზების ქალაქი გახდეს

საბაგირო გზა 16 აპრილს ტექნიკურ შემოწმებასთან დაკავშირებით დაკეტეს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ექსპლუატაციის ევროპულის სტანდარტების მიხედვით, ტექნიკური დათვალიერება მას შემდეგ უნდა ჩატარდეს, რაც საბაგირო 22,5 ათას საათს იმუშავებს.

„რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე გეგმურ—პროფილაქტიკური სამუშაოები დასრულდა. 1 მაისიდან საბაგირო მგზავრებს კვლავ მოემსახურება", — ნათქვამია განცხადებაში.

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალას ციხეს აკავშირებს, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 2012 წლის ივნისიდან შეემატა. საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და შვიდ გონდოლას მოიცავს. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთი სრულიად გამჭვირვალე. საბაგირო მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეც. საბაგირო დღეში 2,5 ათას მგზავრს ემსახურება.