ქართული ჯარის დღეს აღნიშნავენ როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ

სახელმწიფოს პირველი პირები სამხედრო მოსამსახურეებს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიულოცავენ.
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. წელს ქართული არმიის დაარსებიდან 27 წელი სრულდება. თარიღი საქართველოს შეიარაღებული ძალების ფარგლებში საზეიმოდ აღინიშნება, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ამ თარიღთან დაკავშირებით 30 აპრილს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ვიდეოკავშირის მეშვეობით მიულოცავენ ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვიდობისმყოფელების პირველი მასშტაბური სწავლებები გაიმართება.

ქართველი სამხედროები ქართული წარმოების ჯავშანჟილეტებსა და ჯავშანჩაფხუტებს მოირგებენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების 27 წლისთავის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები გაიმართება ვაზიანში. ქართული არმიის მოსამსახურეებს მიულოცავენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

წელს ქართული არმია პროფესიულ დღეს სიახლეებით აღნიშნავს. წარმოდგენილი იქნება პირველი ქართული ქვედანაყოფი, რომელიც მაისიდან თავდაცვითი მომზადების პროგრამის (GDRP) ფარგლებში მასშტაბურ წვრთნებს იწყებს.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გამოიფინება ქართულ შეიარაღებაში არსებული Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები.

ღონისძიებები ასევე გაიმართება სენაკში, სადაც სამხედროებს გენერალური შტაბის მეთაურის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ჯანჯღავა მიულოცავს.