ირლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ირლანდიის გარდა, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ აღიარა.
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ირლანდიის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად დაჩქარებულ პროცედურას გამოიყენებენ, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირლანდიის რესპუბლიკის აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია 2018 წლის 16 აპრილიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ირლანდიის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო. მინისტრის შესაბამის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ამ კატეგორიაში აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად გადაინაცვლა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში გამგზავრების წესები მკაცრდება

„აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მეტყველებს დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გზით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის აღიარებაზე“, — აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ირლანდიისა, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარებული აქვს ლუქსემბურგს, ბელგიას, ნიდერლანდებს, საფრანგეთს, ბულგარეთს, ავსტრიას, ლიხტენშტეინს და ისლანდიას.

ევროპაში გასამგზავრებლად ნებართვის მიღება და შვიდი ევროს გადახდა სავალდებულო ხდება >>

უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეყვანით აღნიშნული ქვეყნები აღიარებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ემუქრებათ დევნა რელიგიური, ეროვნული, სოციალური, პოლიტიკური თუ რასობრივი კუთვნილებით. შესაბამისად, ხელშესახები მიზეზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ აძლევენ.