პიროვნულ განვითარებას, საკუთარი ადგილის, საჭიროებისა და საკეთებლის პოვნას იმ საზოგადოებაში, რომლის ნაწილსაც ადამიანი წარმოადგენს და სოციუმის სასარგებლოდ მოქმედებს, შედეგად მოსდევს ის, რომ ადამიანი, ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, თავის კვალს ტოვებს.
კვალის დატოვება ნიშნავს, დაანახო ადამიანებს ყველაფერი სასარგებლო და მნიშვნელოვანი, რაც ცხოვრებაში გისწავლია, შეგიქმნია თუ გაგიაზრებია. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს კვალი იცოცხლებს გაცილებით დიდხანს, ვიდრე – თავად მისი შემქმნელი.
კვალის დატოვება ასევე მოიცავს ადამიანის ხედვას მრავალი თაობის იქით. ამასთანავე, ეს არის მთელი მისი განვლილი ცხოვრება, რადგან ყველაფერი, რასაც ადამიანი ამბობს ან აკეთებს, ფაქტიურად მის მიერ დატოვებულ კვალს განაპირობებს. გარდა ამისა, ეს შეიძლება იყოს ერთი კონკრეტული ინდივიდის მიერ განხორციელებული პოზიტიური ქმედება, სიკეთე რომელიც "ჯაჭვური რეაქციით" ან „დომინოს ეფექტით“ ვრცელდება და პოზიტიურ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე.
წარმატების განმსაზღვრელი არის არა ის, თუ რამდენად მაღალ თანამდებობას მიაღწია ადამიანმა, რამდენად დიდი ძალაუფლება მოიპოვა ან რამხელა ქონება დააგროვა, არამედ, თუ რას წარმოადგენს თავად, შინაგანი ბუნებით, არსითა და ღირებულებებით.
კვალი – ეს შეიძლება იყოს შემუშავებული მოდელი, შექმნილი სისტემა თუ განხორციელებული ქმედება, რომელიც მისი შემქმნელის არყოფნის შემდეგაც აგრძელებს სარგებლის მოტანას იმ საზოგადოების, ორგანიზაციისა თუ ქვეყნისთვის, რომლის ნაწილსაც ეს ადამიანი წარმოადგენდა.
საკუთარი საზოგადოებისა თუ ქვეყნისადმი მსახურება შეიძლება გარდაიქმნას ზოგადსაკაცობრიო ქმედებად და რამდენადაც სასარგებლო იქნება ის საკუთარი სოციუმისა თუ ქვეყნისთვის, იმდენად სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს მთელი კაცობრიობისთვის. დიახ, ადამიანმა შესაძლოა არ აკეთოს დიდებული საქმეები, მაგრამ აკეთოს პატარ-პატარა საქმეები დიდებულად.