თვითონაც ასეთები არიან: ფერადები, მხიარულები და პოზიტიურები.
საუბარია მხატვრებზე-ბექა სვირავა, ირაკლი კუნჭულია და ირაკლი ჩიქოვანი. მათ ბევრი მხატვრის ოცნება აისრულეს და ერთ სივრცეში დაიდეს ბინაც, სახელოსნოც და გალერეაც.
შეიძლება ითქვას, რომ ბიჭები აქ ცხოვრობენ. მათი „გეით გალერის“ კარები ყოველთვის ღიაა და აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომ წინასწარი გაფრთხილების გარეშე, დაუპატიჟებლად, ზღურბლზე გადმოაბიჯოს და ხატვით დაკავებულ ბიჭებს თავზე დაადგეს. სურვილის შემთხვევაში, პირდაპირ მათ თვალწინ შექმნილი ნახატი შეიძინოს. ოღონდ, გაითვალისწინეთ, ყველაფერ ამას ფონად გასდევს… ფერადბუმბულიანი დუდუს ყიჟინი. დუდუ — თუთიყუშია და ამ ოჯახის მეოთხე, ფრთოსანი წევრია, რომელსაც თავისი ისტორია აქვს. ერთ დღესაც გაუფრთხილებლად ჩვენც შევაღეთ „არტ-კარიბჭის“ კარები და მხატვარი ბექა სვირავა დავიმარტოხელეთ.
-კეთილი იყოს ჩვენი ფეხი, აბა, რა ხდება თქვენთან?
— მხოლოდ კარგი ამბები. ჩვენ ვხატავთ — დამთვალიერებელი მოდის, მალე საზაფხულო კაფესა და კოქტეილ-ბარს გავხსნით. ერთ მშვენიერ დღეს სამი ქართველი მხატვარი აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ერთ სივრცეში მოგვექცია ჩვენი ხელოვნება და მნახველების თვალწინ შეგვექმნა ნახატები, რომლებსაც ისინი თუკი მოეწონებოდათ, შეიძენდნენ. საქართველოში ასეთი რამ იშვიათია და ეს ყველა მხატვრის ოცნებაა. მნახველს იშვიათი საშუალება ეძლევა ცოცხალ მხატვრებს შეხვდეს და უყუროს მაშინ ისინი როგორ ხატავენ. აქ ვართ დილიდან საღამომდე, ანუ ფაქტობრივად, აქ ვცხოვრობთ.
- ბექა, ადგილი შესაფერისი შეგირჩევიათ, ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ადგილზე ხართ და ყველას ყურადღებას იქცევთ…
— დიახ, ადგილი მოგვწონს, ქალაქის ცენტრში ვართ და ქართველების და უცხოელი ტურისტების ყურადღებასაც ერთნაირად ვიქცევთ. ზოგი ჯგუფებად დადის, ზოგი ოჯახებით მოდის და შვილებთან ერთად აკვირდება ხატვის პროცესს, მერე ნახატებსაც ყიდულობენ. ახლა ჯერ საქმეებზე უნდა გავიდე, მერე შუადღეს აქ დავბრუნდები. წინასწარ არ ვიცი რას დავხატავ. ამის გარდა ჩვენთან მუშაობს კაფე და ჩაიხანა, სადაც საწოლიცაა, ყველას შეუძლია მეგობრებთან ერთად მოვიდეს, აღმოსავლურად წამოწოლილმა სვას ჩაი და თან ისაუბროს. აქ ისეთი კარგი გარემოა შექმნილი, რომ ყველა ვარიანტში, სასიამოვნო დღეს გაატარებთ.
-თქვენს გალერეას თავისი მფარველი ჰყავს, ანუ ცოცხალი მუზა თუთიყუში „დუდუს“ სახით. საიდან მოფრინდა აქ ეს ჩიტი?
— ეს თუთიყუში ჯერ ჩვენს მეგობართან, კახა კაკაბაძესთან სახლში ცხოვრობდა. მერე რამდენიმე ოჯახი გამოიცვალა, მაგრამ ვერავინ გაუძლო… ისეთი ომახიანი კივილი იცის, რომ ხანგრძლივად არავინ აჩერებს. შემეცოდა და მისი გალერეაში მოყვანა გადავწყვიტე. რაღაც მომენტში გალიიდან გამოვუშვი და ფრენა დაიწყო. ჯერ ხუთ მეტრის, მერე ათი მეტრის რადიუსში ფრინავდა და ყოველთვის უკან ბრუნდებოდა. ერთ დღეს გალიის კარები დიდხანს დარჩათ ღია და გაგვიფრინდა ჩვენი დუდუ, მის გარეშე ჩვენი თანამშრომლები მოწყენილი იყვნენ.
- ბექა, მითხრეს, რომ შენ ძალიან მოგეჩვია და ასე ვთქვათ, გაღიარებს!
— მეც მივეჩვიე, მაშინაც მისი დაბრუნება ჩემი დამსახურება იყო. როცა გაგვიფრინდა, რაღაც პერიოდის მერე, დავინახეთ, რომ ხეზე იჯდა და რეაქცია არაფერზე ჰქონდა. უკვე ბნელოდა, მე მობილური ავიღე და სახეზე მივინათე იმისთვის, რომ დავენახე. მერე ხელზე დავინათე. ამან გაჭრა და ჩვენი დუდუ ხიდან პირდაპირ ჩემს ხელზე დაფრინდა. როცა დავიჭირე ისევ გალიაში ჩავსვი. იმის მერე გალერეაშია და თავზე ვევლებით. კაი კაცივით ყველაფერს ჭამს: ხინკალს, ხაჭაპურს, ქაბაბს, მას შემდეგ რაც ამათი გემო გასინჯა, საკენკს აღარ ეკარება, ალბათ აღარ მოსწონს.
- უახლოესი ასე ვთქვათ, გასვლითი გამოფენა როდის და სად გაქვთ?
— ახლა თურქეთში გვაქვს გამოფენა, იქ ქართული კულტურის დღეებია, ჩვენგან ირაკლი კუნჭულია წავიდა და ჩვენი ნახატები წაიღო. ჩვენ ჯერჯერობით აქ დავრჩით. მალე „თბილისი გეით გალერი“ საზაფხულო კაფესა და კოქტეილ-ბარს გახსნის. ახლა კარგი პერიოდია, უკვე გამოთბა და ყველაფერი გააქტიურდება…