თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. დანიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
წინასწარი ინფორმაციით, 56 წლის გელა პაპაშვილი გულის შეტევას ემსხვერპლა. გარდაცვლილი მამაკაცი კობა პაპაშვილის მამაა, რომელიც გასული წლის ნოემბრის თვეში ქალაქ ბულონ სულ მერიში, პორტის ტერიტორიაზე მოკლული იპოვეს. კობა პაპაშვილი 55 წლის ქართველმა ცივი იარაღით მოკლა. მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
გელა პაპაშვილი ერთ-ერთ პოლონურ ფირმასთან თანამშრომლობდა და სატვირთო ავტომობილზე მძღოლად მუშაობდა.
პაპაშვილი 26 აპრილს მისმა ნათესავმა იპოვა და სამართალდამცველებს შეატყობინა. ოჯახი დაუკავშირდა საკონსულოს, თუმცა პროცედურის გავლა უქმე დღეების გამო ფერხდება.
პაპაშვილების ოჯახი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირიდან არის.