ვანსა და ხონში გიგი უგულავას ბანერები დააზიანეს - საქმეს შს სამინისტრო იძიებს

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. ვანსა და ხონში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის, გიგი უგულავას ბანერები დააზიანეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

ბანერზე უგულავას გამოსახულებას თავი აქვს ამოჭრილი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

„მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება. შეტყობინების მიღებისთანავე, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან სამ წლამდე. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“, — აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

არჩევნები საქართველოში - ცესკომ პარტიებს და მათ მომხრეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე უგულავას საარჩევნო პლაკატების დაზიანების ფაქტს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ მალე გაირკვევა, ვინც ეს ჩაიდინა.

„ბატონ გიგი უგულავას სახე აღარ აქვს ბანერზე. იმედი მაქვს, მალე იპოვიან ადამიანებს, ვინც ეს გააკეთა. საერთო ჯამში, ეს ფაქტი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგზე“, – განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს არჩილ თალაკვაძემ.

დღეს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები იმართება №54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიას მოიცავს.

ამბავი „მეორედ მოსვლისა“ ანუ რატომ ახლა და რა ვადით… >>

არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.