ამბავი „მეორედ მოსვლისა“ ანუ რატომ ახლა და რა ვადით...

რა იცვლება ქართულ პოლიტიკაში და მეორდება თუ არა ისტორია... რა არგუმენტებით დაარწმუნა მოქმედმა პრემიერმა ყოფილი პრემიერი და რა პერსპექტივა აქვს "ოცნებას" საქართველოში...
Sputnik

რამდენიმე საათია ვფიქრობ, ჯიუტად ვეძებ პასუხს კითხვაზე — ან წასვლა რა იყო და ან მოსვლა რა არის?… ვიცი, სტუმართმოყვარე მკითხველი ბრძანებს, რომ მას სულ სხვაგვარად სმენია… „უკუღმა ასინეთა, უკუღმა…“, — საპასუხოდ ვიტყვი მე და განვაგრძობ თხრობას. ქვეყნის მთავარი „მეოცნების“ პოლიტიკურ თავგადასავალზე ხომ ბევრი ითქვა, კიდევ უფრო ბევრს მომავალში იტყვიან. ყველა კითხვას, საბოლოოდ დრო გასცემს პასუხს, მაგრამ უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ქვეყანაში რაღაც ახალი, თუნდაც კარგად დავიწყებული ძველი თავიდან იწყება…

„ჩემი დაბრუნება, რა თქმა უნდა არ იქნება სწორი… თუ ამის აუცილებლობა არ დადგა, რაღაც უბედურება არ დატრიალდა საქართველოში… და ღმერთმა ნუ ქნას. მეორედ მოსვლას ვადარებ, მე ამას“, — ეს ვისთვის მწარე და ვისთვის საამო სიტყვები, სამი წლის წინათ, „მესიის დაკარგვით“ უიმედობას მიცემულმა მსმენელმა „იმედის“ ეთერით შეიტყო. მას შემდეგ გამოხდა დრო…

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

„პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დათანხმდა“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ უახლოეს დღეებში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც პარტიის თავმჯდომარის პოსტს მოქმედი პრემიერისგან ყოფილი პრემიერი გადაიბარებს. ისიც ითქვა, რომ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც განახლდება. ასე, რომ პოლიტიკურ არენის მმართველ ფლანგზე ცვლილებებიც არ უნდა იყოს უცხო. გამოცდილ „მეოცნებეებს“ არც ნორჩი „მეოცნებე“ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩამორჩა. ბრძანა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო… „სხვა ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის — პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და ა.შ…“, — გვახარა პირველმა კანონმდებელმა.

ისინი, ვინც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში „მეორედ მოსვლის“ შემდეგ, მყისიერ სახელისუფლებო ცვლილებებს უკავშირებდა, არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით „დაამშვიდა“, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კიდევ ერთხელ და ძალზე მოკლედ განმარტა, რომ „სახელისუფლებო ცვლილებები არ იქნება…“ ნათქვამი მეოცნებეთა გუნდიდან უკლებლივ ყველამ დაადასტურა. რადგან ბიძინა ივანიშვილი დარწმუნდა, რომ პროცესებში უნდა ჩაერთოს, ესე იგი, ჟივილ-ხივილი ტყუილად არ გაგვიმართავს, — აღნიშნა უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ და დასძინა, რომ „სერიოზულ ცვლილებებს ელოდება“.

მიჯირყვნის დიდოსტატები „ქართულ ოცნებაში“ და ვის მხარესაა ბიძინა ივანიშვილი

ერთი სიტყვით, სტაჟიანი და ახალბედა „მეოცნებეები“ მჭერმეტყველებაში ერთმანეთს მთელი დღის მანძილზე ეჯიბრებოდნენ. პირველი შეფასებებით არ დააყოვნა ოპოზიციამ, პარლამენტს შიგნით თუ მიღმა… ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება იქ, საიდანაც არასოდეს წასულა, — ასეთი იყო ოპოზიციის კოლექტიური გზავნილი. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის იძულება ჩრდილიდან გამოსულიყო, ადასტურებს იმას, რაც ყველამ იცის. ღრმა კრიზისია „ქართულ ოცნებაში“ და მთელ ქვეყანაში. „ეს ქვეყანას ვერ უშველის. ახლა საჭიროა მთელი ამ გუნდის ჩამოცილება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით და შემდეგ მუშაობა ქვეყნის წინსვლაზე…“

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ყოფილი პოლიტპარტნიორის პოლიტიკაში დაბრუნება პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კრახად შეაფასა.. დაინახა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კრიზისში შეიყვანა ქვეყანაც და საკუთარი თავიც. „გადაწყვიტა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, თუ რაოდენ მძიმე ვითარებასთან გვქონდა საქმე. ახლა, მთელი კითხვა იმაშია, შეძლებს თუ არა ის მის მიერვე დაშვებული შეცდომების გააზრებას პარტიული მშენებლობის ნაწილში და ჯანსაღი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას…“, — განაცხადა მოძრაობა „შენების“ ლიდერმა…

„ოცნება" პრეზიდენტობას ბიძინა ივანიშვილს სთხოვს?

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი კმაყოფილებით აცხადებს, რომ ახლა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ევროპულ და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებში დასრულდება საუბარი საქართველოში არაფორმალური მმართველობის შესახებ. პარლამენტარის პოზიციას იზიარებს ექსპერტ-ანალიტიკოსების და პოლიტოლოგების დიდი ნაწილი. მათი შეფასებით პოლიტიკურ პროცესებში ბიძინა ივანიშვილის ჩართვა პოზიტიური მოვლენაა. კეთდება პროგნოზები. ყველა თანხმდება, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჯერად, მხოლოდ მმართველი პარტიის მესაჭედ მოგვევლინება და გამორიცხულია ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად ვიხილოთ. სხვაც ბევრი ითქვა…

„ქართულ ოცნებასთან“ ერთ დროს დაახლოებული გია ხუხაშვილი თვლის, რომ მმართველ პოლიტიკურ ელიტაში ჯერ კიდევ მოსწავლეები არიან და მასწავლებლის დაბრუნება ობიექტური აუცილებლობა იყო… „მისი გადაწყვეტილება არ იყო მარტივი, შესაძლოა კიდევ უფრო რთული ვიდრე 2011 წელს, თუმცა კარგია, რომ ეს ნაბიჯი გადადგა. ქვეყანაში მეტი ძალის ცენტრი არ არსებობს, მისი დისტანცირება პროცესებისგან, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სახელმწიფოებრივი რისკების შემცველი იქნებოდა…“, — ბრძანა პატივცემულმა ექსპერტმა. „ბიძგი ამ გადაწყვეტილებას მისცა შიდა არეულობამ და სავსებით სავარაუდოა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოისურვა და გადაწყვიტა გამოვიდეს ჩრდილიდან, რომ პარტიაში არეულობის დალაგების იურიდიული უფლება ჰქონდეს. ის ჩინოვნიკურ საქმეებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაინც არ უყურებს კარგი თვალით და ეტყობა არ აპირებს ხელისუფლების რომელიმე შტოში წასვლას…“, — ეს სიტყვები ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ეკუთვნის.

Forbes Georgia: ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელში ასობით მლნ დოლარით გაიზარდა

ერტი სიტყვით „მარგალიტები“ უხვად დაიყარა, თუმცა ისტორიული პარალელების მცდელობა ვერსად ვნახე. არადა ძალიან კარგად მახსოვს გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, როცა ქვეყანაში „პროვინციული ფაშიზმი დემოკრატიულმა ამბოხებამ“ დაამარცხა, არეული საქართველოს დასალაგებლად, მოსკოვიდან „მესია“ ჩამოვიდა… შემდეგ გავაბრაზეთ და წავიდა. ჩვენც არ დავაყოვნეთ, მუხლი მოვიდრიკეთ, დაბრუნება ვთხოვეთ და მანაც ისმინა, დაბრუნდა… არ ვიცი დასკვნის სახით რა უნდა გითხრათ, შესაძლოა სწორედ ის დროა, როცა უნდა გავიხსენოთ, რომ „ისტორია ორჯერ მეორდება, პირველად როგორც ტრაგედია და მეორედ როგორც ფარსი“… ან ეგებ ვცდები და ეს სულ სხვა შემთხვევაა.

აქ ვაპირებდი წერტილის დასმას, როცა შევიტყვე, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქართულ საოპერო სცენაზე „მძინარე მზეთუნახავი“ ბრუნდება!…