სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დასაქმებაში დაეხმარებიან

სახელმწიფო, ქვეყნის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად, პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობს
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. სოციალურად დაუცველი მოქალაქეები შეძლებენ ისარგებლონ პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით — საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სააგენტოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

საქართველოს მთავრობამ 2017 წლის ივნისში სოციალურად დაუცველი ოჯახები, სადაც ორი ან მეტი შრომისუნარიანი ადამიანია, დაავალდებულა, დარეგისტრირდნენ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში, რათა მათ სამუშაოს პოვნაში დაეხმაროს.

გარშემომყოფთა პრობლემები: საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი მარი ბეზარაშვილი სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან მომავალი გეგმები განიხილა.

ახალი ეტაპის თანახმად, სახელმწიფო პროგრამის წყალობით, სამუშაოს მძებნელები შეძლებენ არა მარტო კვალიფიკაციის ამაღლებას, არამედ ასევე მიიღებენ სტაჟირების ან დასაქმების შესაძლებლობას.

სამუშაოს მძებნელთა მომზადება/გადამზადების მოკლევადიანი პროგრამები შემუშავებულია შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე, რომლის წყალობით განისაზღვრა 51 მოთხოვნადი პროფესია საქართველოში.

მათ შორისაა საბავშვო ბაღების აღმზრდელები, მედდების თანაშემწეები, ვებ-პროგრამისტები, მოლარეები, სარეკლამო აგენტები, სტილისტები, მდივან-რეფერენტები, შემდუღებლები, ბუღალტრები.

გადამზადების პროგრამები, არჩეული პროფესიიდან გამომდინარე, ორიდან ოთხ თვემდე გრძელდება.

სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სწავლა უფასოდ შეუძლიათ. ამისთვის მათ სოციალურ სააგენტოებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა მიიღონ ვაუჩერები. ვაუჩერის თანხა ერთ ადამიანზე შეადგენს: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან სპეციალური განათლების საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის — 1,5 ათასი ლარი, დანარჩენებისთვის — 1 ათასი ლარი.

დასახელდა ყველაზე სახიფათო პროფესიები საქართველოში

პროფესიული კურსები ჩატარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეულ აკრედიტებულ 44 პროფესიული განათლების დაწესებულებაში. ეს პროფსასწავლებლები განთავსებულია ქვეყნის 17 რაიონში: მცხეთაში, თელავში, საგარეჯოში, გურჯაანში, მარნეულში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზესტაფონში, წალენჯიხაში, ფოთში, ოზურგეთში, მესტიაში, ზუგდიდში, რუსთავში, ქობულეთსა და ბათუმში.

იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოს მძებნელი დააკმაყოფილებს დამსაქმებლის მოთხოვნებს, სოციალური მომსახურების სააგენტო სამ თვეში მას, სტიპენდიის სახით, მაქსიმუმ 200 ლარს გადაუხდის.

პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ საქართველოს სოციალურად დაუცველ 16 წელს ზემოთ მოქალაქეებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში და მზად არიან, გაიარონ მოკლევადიანი მოსამზადებელი სასწავლო კურსები.

პროგრამაში ჩასართავად საჭიროა რეგისტრაციის გავლა, რომელიც დაიწყება 30 აპრილს და 4 მაისამდე გაგრძელდება.

უპირატესობა მიეცემათ სოციალურად დაუცველ პირებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, პრობაციონერებსა და სხვა, არაკონკურენტუნარიანი ჯგუფების წარმომადგენლებს.