საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ზამთრის ოლიმპიადის საქართველოში ჩატარების მომხრეა

საქართველო დაინტერესებულია სათხილამურო კურორტების განვითარებით და სურს, საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლოს
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ნავალ ელ-მუტავაკელმა მხარი დაუჭირა საქართველოს სწრაფვას, უმასპინძლოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 2030 წელს, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იანვრის ბოლოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში, ლოზანაში კვირიკაშვილმა და ტომას ბახმა ქვეყანაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს. მიაღწიეს შეთანხმებას, რომ საქართველოს სამთო-სათხილამურო პოტენციალის შეფასებისთვის ქვეყანაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტები საქართველოს სამთო კურორტებს შეისწავლიან

„განვიხილეთ თქვენი წინადადება — 2030 წლის პერსპექტივაში საქართველომ ზამთრის სპორტულ ოლიმპიადას უმასპინძლოს. საქართველო გმირების ქვეყანაა და ოლიმპიურ თამაშებზე ყოველთვის მაღალი რანგის სპორტსმენებით არის წარმოდგენილი. ვფიქრობ, ეს სწორი დროა, რომ გააჟღეროთ თქვენი სურვილი და ჩვენ მივესალმებით თქვენს წინადადებას", — აღნიშნა ნავალ-ელ მუტავაკელმა.

გიორგი კვირიკაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სამთო-სათხილამურო კურორტებისა და სპორტის ზამთრის სახეობების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

მისი განცხადებით, ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტების რეკომენდაციებს, რომლებმაც გუდაურში, ყაზბეგში, ბორჯომსა და ბაკურიანში არსებული მდგომარეობა და ინფრასტრუქტურა უკვე შეისწავლეს.

ნავალ-ელ-მუტავაკელი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია, რათა თავისი ქვეყანა — მაროკო წარადგინოს, როგორც 2026 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის პრეტენდენტი ქვეყანა.