რუსულ კომპანიებს თბილისის კეთილმოწყობაში სურთ მონაწილეობის მიღება

უცხოური კომპანიები მზად არიან საქართველოს სამშენებლო ბაზარზე პროდუქციის მოწოდება განახორციელონ
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik.  ლიფტების, ბეტონის შემრევი ტექნიკის,  ამწეებისა და სხვა მასალების მწარმოებლები და სხვადასხვა ქვეყნების სამშენებლო სეგმენტის წარმომადგენლები საკუთარ პროდუქციას თბილისში საერთაშორისო სამშენებლო გამოფენა Caucasus Build —2018–ზე წარმოადგენენ.

Caucasus Build 2018 — რეგიონში მშენებლობის სფეროში ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა.  ეს იდეალური ადგილია გლობალური სამშენებლო ინდუსტრიის პროფესიონალებისა და წამყვანი წარმომადგენლებისთვის, რათა ისინი  საქართველოსა და კავკასიის სამშენებლო ინდუსტრიაში ჩაერთონ, შეხვდნენ მოწინავე სამშენებლო კომპანიებს, დეველოპერებსა და მომწოდებლებს. ბოლო წლებში აღნიშნული ღონისძიება ყველაზე მსხვილი საკომუნიკაციო პლატფორმაა ამ დარგში. 

თბილისი Caucasus Build 2018–ს მასპინძლობს

„ჩვენ პირველად გადავწყვიტეთ ესოდენ მსხვილ გამოფენაში მონაწილეობა იმისთვის, რომ გავიცნოთ საქართველოს ბაზარი, გავიგოთ, რით შეგვიძლია ჩვენ სასარგებლო გავხდეთ. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში გრანდიოზული პროექტები იწყება, რომელიც დაკავშირებულია განათების განახლებასთან, ქალაქის კეთილმოწყობასთან. ამიტომ თანამშრომლობის ურთიერთხელსაყრელი ინტერესი გაჩნდა, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები დათბობის პროცესშია და ქართული მხარე კონტაქტზე მოდის“, – განაცხადა  „Sputnik  საქართველოსთან"  განათების სისტემების მწარმოებელი კომპანიის მენეჯერმა ნათელა ჯანაშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ კომპანია შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ჩინურ და თურქულ პროდუქციას, როგორც ფასის, ისე ხარისხის მიხედვით.

გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ბელარუსის ლიფტების მწარმოებელმა კომპანიან, რომლის გარკვეულ ნაწილსაც დღეისთვის საქართველოში აწარმოებენ. საქართველოში ბელარუსული წარმოების ლიფტების მოწოდება, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მათი წარმოების განთავსების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბელარუსის პრემიერ–მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსმა გასულ წელს თბილისში გამართული შეხვედრის დროს.

გამოფენა Caucasus Build 2018   ყოველწლიურად  ათასობით  ვიზიტორს,  კორპორატიულ და კერძო კლიენტებს,  რეგიონალურ და საერთაშორისო სტუმრებს იზიდავს. 

კომპანიების წარმომადგენლები მომხმარებელს  სამშენებლო მასალების, სანტექნიკის, გათბობის სისტემისა და კონდიცირების, განათების,  ელექტრომოწყობილობის და სხვა მასალების ფართო სპექტრს შესთავაზებენ.

გამოფენა Expo Georgia–ს საგამოფენო ცენტრში 29 აპრილამდე გაგრძელდება.