თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში შენობის ფანჯრებზე უსაფრთხოების ბადეები მონტაჟდება, ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა უსაფრთხოების ბადეების მონტაჟიც.
ამ ეტაპზე სამუშაოები 100-ზე მეტ ბაღში დასრულებულია, ხოლო 58 საბავშვო ბაღში კვლავ მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულება მაისის ბოლოსთვის იგეგმება.
სააგენტოს ცნობით, ბადეების მონტაჟი სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით ხორციელდება, რაც ითვალისწინებს საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ფანჯრების საევაკუაციო მიზნით გამოყენებას.
ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ განაცხადა, რომ საბავშვო ბაღების ფანჯრებზე დამცავი კონსტრუქციების დაყენების საკითხი განიხილებოდა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც სამი წლის ბავშვი თბილისის № 206 საბავშვო ბაღის მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. საბედნიეროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს — ბავშვი თავის ქალა-ტვინისა და გულმკერდის ტრავმით კლინიკაში გადიოდა მკურნალობას.
თბილისში საბავშვო ბაღის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა: ვრცელდება დამატებითი ინფორმაცია>>>
თბილისში 171 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. წელს დედაქალაქის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებმა 61 ათასზე მეტი ბავშვი მიიღეს.