თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ შესაძლებლობების გამოყენება, რასაც მას ევროპა სთავაზობს, განაცხადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ევროკომისარმა საქართველოსთან დაკავშირებული განცხადებები ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის შემდეგ გააკეთა.
„ჩვენ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა ევროკავშირსა და საქართველოს შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე კონკრეტულ ნაბიჯებზე შევთანხმდით. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია. ფუნდამენტი უნდა ჩავუყაროთ შემდგომ დისკუსიებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომლებსაც ქვეყანას ევროპა სთავაზობს და მათი მატერიალიზება მოახდინოს… თქვენ ხართ კლასის საუკეთესო მოსწავლე და ასე უნდა გააგრძელოთ“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა პირველ არხთან საუბრისას.
2009 წელს საქართველო ევროკავშირის პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი გახდა, რომელიც ევროკავშირთან ექვსი ქვეყნის — აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ დაახლოებას ითვალისწინებს. 2014 წლის ივნისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის ფარგლებში საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. 2017 წლის 28 მარტიდან კი ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ვიზები გააუქმა.
ერთი წელი ვიზების გარეშე — ევროკავშირში საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაფასეს >>
ასოცირების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველ ზონის შესახებ შეთანხმება წარმოადგენს. ის მოიცავს სატარიფო და სხვა დაბრკოლებების მოხსნას და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის დარეგულირებას.