სარალიძის პასუხი პროკურატურას: გამოძიებამ ექსპერტიზის დასკვნა მოწმეების საუბარს მოარგო

დაცვის მხარის მოთხოვნით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრიტანელი ექსპერტები ჩაერთვებიან, რომლებიც საქართველოში, სავარაუდოდ, ორ დღეში ჩამოვლენ
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა წარადგინა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
არასრულწლოვნებს შორის სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის პირველ დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვანთა დაპირისპირებისას ცივი იარაღით დაჭრეს 16 წლის ორი მოზარდი — ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.

საპატრიარქო: ეკლესია მზად არის მოზარდების აღზრდაში წვლილი შეიტანოს

მოკლული დავით სარალიძის მამას ზაზა სარალიძეს   მიაჩნია, რომ  ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება სრულყოფილად არ მიმდინარეობს და პროკურატურა მოწმეებზე ზეგავლენას ახდენს. როგორც მან აღნიშნა, ბრალი დაკავებულთა გარდა, კიდევ ორ ახალგაზრდას უნდა წარედგინოს.

მოსწავლეების მკვლელობა თბილისში: მოზარდს უვადო პატიმრობა ემუქრება>>>
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით  თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართული სასამართლო სხდომა  საპროტესტო აქციის „ნუ მოკლავ — აღასრულე სამართალი“ ფონზე გაიმართა.
საქმის პროკურორის მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნით იდენტიფიცირებულია ის დანა, რომლითაც დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. თუმცა, მედიასთან საუბრისას მას არ დაუკონკრეტებია რომელი ბრალდებულის მიერ რომელი დანითაა მიყენებული ჭრილობები.
„ეს ორი ბრალდებული, რომლებიც აქ სხედან, ნამდვილად არიან დამნაშავეები, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ კიდევ სხვა იარაღი იყო გამოყენებული. ყველაფერი აქვთ, დანები, ტანსაცმელი და ვერ დადგინდა, რომელი იარაღიდან არის ჭრილობა მიყენებული. გამოძიებამ ექსპერტიზის დასკვნა მოწმეების საუბარს მოარგო“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ დღევანდელი სხდომის შემდეგ.
საზარელ მკვლელობაში სხვა პირების არსებობას არ გამორიცხავს  ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, რომლის განცხადებითაც, ბრალდების მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კიდევ არაერთი პირი მონაწილეობდა დავით სარალიძის დაჭრაში და ისინი არ არიან პასუხისგებაში მიცემული.
„ექსპერტიზის დასკვნით  არ დგინდება, კონკრეტულად რომელი დანით რომელი ჭრილობა არის მიყენებული, არის თუ არა გამოყენებული სხვა დანები ჭრილობების მიყენების პროცესში….შეკითხვებზე, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, დაზარალებულს და აინტერესებს სასამართლოს კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნა პასუხს ვერ სცემს… “, — აღნიშნა ადვოკატმა ჟურნალისტებთან.
დაცვის მხარის მოთხოვნით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრიტანელი ექსპერტები ჩაერთვებიან, რომლებიც საქართველოში, სავარაუდოდ, ორ დღეში ჩამოვლენ.