რისთვის დააკავეს სამტრედიის მერიის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი?

ქრთამის აღებისთვის ბრალდებულს ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის მერიის მაღალჩინოსანი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავცრელებულ განცხადებაში.

რუსთავის მერიის განყოფილების უფროსი ქრთამის აღებაში ამხილეს

სუსი-ს ინფორმაციით, დაკავებული ავთანდილ ნ. სამტრედიის მერიაში ერთ-ერთი განყოფილების უფროსად მუშაობდა. ის სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2017 წლის 11 დეკემბერს სოფელ ღარინში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ მეწარმეს შესრულებული სამუშაოს კომისიური წესით უპრობლემოდ ჩაბარებისათვის მისაღები თანხის დროულად ჩარიცხვის სანაცვლოდ 500 ლარი მოსთხოვა.

2018 წლის 30 მარტს მერიის მაღალჩინოსანმა აღნიშნულ თანხა ქრთამის სახით აიღო.

გარდა ამისა, უწყებიოს ინფორმაციით აღნიშნულმა პირმა 2017 წლის 26 სექტემბერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გარეგანათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სუბიექტის წარმომადგენელს, შესრულებული სამუშაოს კომისიური წესით უპრობლემოდ ჩაბარებისა და სამუშაოს შესრულებისათვის მისაღები თანხის დროულად ჩარიცხვის სანაცვლოდ, ქრთამის სახით გამოართვა 700 ლარი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს და რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.