სიღნაღში კრიტიკული შეუსაბამობის გამო ცნობილი რესტორნები დაიკეტა

რესტორნებში „ფიროსმანი", „მარანი", „ბურჯი", „ტერასა სიღნაღი" და სასტუმრო „ძველ სიღნაღში" სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგი ჩაატარა
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. სიღნაღში მდებარე ხუთ საზოგადოებრივი კვების ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, არასათანადო რეცხვა-დეზინფიცირება, გამწოვი სისტემების და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა დაფიქსირდა შემდეგ რესტორნებში — „ფიროსმანი", „მარანი", „ბურჯი", „ტერასა სიღნაღი" და სასტუმრო „ძველ სიღნაღში". აღნიშნულ ბიზნესო-პერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

გლდანის ბაზრებში ვადაგადასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს - ვიდეოკადრები

სააგენტოს მითითებების და რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ, „ფიროსმანს", „მარანსა" და „ძველ სიღნაღს" უკვე აღუდგათ საწარმოო პროცესი, ხოლო „ბურჯს" და „ტერასა სიღნაღს" კვლავ შეჩერებული აქვთ.

სააგენტოს ინფორმაციით, გარდა სიღნაღისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად კრიტიკული დარღვევები გამოვლინდა სოფელ ყარაჯალაში არსებულ ხორცის სარეალიზაციო ბაზარში – შპს „ფალავანი", რის გამოც ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. საწარმოო პროცესი ასევე შეუჩერდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია "ნობეკოს".

მიმდინარე წლის მარტში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინსპექტირება თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორნებსა და კაფე-ბარებშიც ჩაატარა. ინსპექტირებოს შედეგად 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

რით ვიკვებებით კაფე-რესტორნებში – თბილისში 7 ობიექტი დაიხურა

ასევე, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ხორცისა და ხორცპროდუქტების კვლევა. სეს-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სახეობრივი კვლევისთვის აღებული ხორცისა და ხორცპროდუქტების 40 ნიმუშიდან დარღვევა 11 ნიმუშში დაფიქსირდა. ამავე პერიოდში განადგურდა 7 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი და ხორცპროდუქტები.

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებია ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება და ნიმუშის აღება.