თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესწავლას შეუდგა და სპეციალური მობილური სადგურები განათავსა, რომელთა მეშვეობით სადღეღამისო მონიტორინგი მიმდინარეობს.
უწყებამ ჰაერის ხარისხის შესწავლა თბილისიდან დაიწყო, რის შემდეგ მონიტორინგი მთელ ქვეყანაში განხორციელდება — რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, გორში. გასულ კვირაში ავტომატური სადგური დაამონტაჟეს ევროპის მოედნის მიმდებარედ, ახლა კი — ვარდების მოედანზე.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი სადგურია იქიდან გამომდინარე, რომ ატმოსფერული ჰაერის გაზომვის ჩატარებას საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე ვაპირებთ. გასულ კვირაში დავიწყეთ ევროპის მოედნიდან, რადგან ჰაერის დაბინძურების საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დედაქალაქში დგას", — განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
თანდილაშვილის თქმით, ეს მობილური სადგურები უნიკალურია იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელია მათი სხვა ადგილზე გადატანა.
„ევროპის მოედანზე, მინდა გითხრათ, რომ ჰაერის დაბინძურება და გადაჭარბება არ გვაქვს. ანუ, ევროპის მოედანი ევროპულ ნორმებს აკმაყოფილებს", — აღნიშნა თანდილაშვილმა.
რისკის ზონები თბილისში უახლოეს მომავალში გამოვლინდება. ერთ-ერთ ასეთ ადგილად თანდილაშვილმა წერეთლის გამზირი დაასახელა, სადაც სამშენებლო სამუშაოებისა და აირების გამონაბოლქვის გამო შედეგები ნორმაზე მაღალია.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრომ გასულ წელს თბილისის ჰაერის დაცვის ორმოცპუნქტიანი პროგრამა მიიღო. მასში გაწერილია ყველა უწყების ვალდებულებები და ფუნქციები, კერძოდ, ვინ და რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს.
„იწვევს თუ არა ჰაერის დაბინძურება სიმსივნეს – რა მდგომარეობაა თბილისში">>
სავალდებულო ტექდათვალიერება, ავტოპარკის განახლება, მწვანესაფარიანი ადგილების რაოდენობის გაზრდა — ამ ყველაფერს მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტრო ვერ გაუმკლავდება, აღნიშნა თანდილაშვილმა და დასძინა, რომ სწორედ ამ პროცესში უნდა გაერთიანდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თბილისის მერია და სხვა უწყებები, რომ გატარდეს კომპლექსური ღონისძიებები და მივიღოთ რეალური შედეგები.
მობილური სადგურების მეშვეობით შესაძლებელია განისაზღვროს ჰაერის დამაბინძურებელი რვა ნივთიერების კონცენტრაცია. ეს ნივთიერებებია: PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი.