ლუკა ჩიქოვანი „ოქროს პალმის რტოს" პრეტენდენტია

ლუკა ჩიქოვანი, რომელიც იტალიაში ცნობილია როგორც მომღერალი, ფილმში „ბედნიერი ლაზარე" ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. იტალიელი რეჟისორის ალიჩე რორვახერის ფილმი „ბედნიერი ლაზარე", რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს წარმოშობით ქართველი ლუკა ჩიქოვანი ასრულებს, კანის ფესტივალის „ოქროს პალმის რტოსთვის" იბრძოლებს.

რიგით 71-ე კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 8-19 მაისს გაიმართება. ფილმი „ბედნიერი ლაზარე" ფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში მოხვდა და "ოქროს პალმის რტოს" მთავარი პრიზისთვის იბრძოლებს. ნომინაციაში 18 სურათია წარმოდგენილი. წელს კინოფესტივალის ჟიურის „ოსკაროსანი" მსახიობი ქეით ბლანშეტი უხელმძღვანელებს.

იტალიელი რეჟისორის დრამა მოზარდის, სახელად ლაზარეს ცხოვრების შესახებ მოგითხრობთ, რომელიც დროში მოგზაურობის უნარს ფლობს.

ქართული რომანი კანის ფესტივალზე >>>

„ბედნიერი ლაზარე" — იტალია-შვეიცარია-გერმანია-საფრანგეთის ერთობლივი პროექტია. ფილმის პრემიერა 2018 წლის კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

ლუკა ჩიქოვანი თბილისში დაიბადა, იგი იტალიაში საცხოვრებლად დედასთან ერთად ექვსი წლისა გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და საქმიანობს. ლუკა ევროპაში საკმაოდ ცნობილი მომღერალია, რომლის კლიპები სოციალური ქსელების მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.