ხაჭაპური ჰამბურგერის ნაცვლად: ქართულმა კერძმა ნიუ–იორკი დაიპყრო

კულინარიულმა გამოცემამ აღიარა, რომ ხაჭაპური ნიუ–იორკის სამზარეულოს კლასიკა გახდა
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. ამერიკულმა გამოცემა Ny.eater–მა სტატია მიუძღვნა ქართულ ხაჭაპურს, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება ნიუ–იორკის რესტორნებში.

ნახეთ ასევე: „ქართული სამზარეულოს რომელ კერძს სთავაზობს New York Times-ი“>>

სტატიაში განმარტებულია, რომ ხაჭაპური ეროვნული კერძია ქართული ყველით, ხოლო მისი დამზადების რეცეპტი ასწლეულებს ითვლის.

ავტორი აღნიშნავს, რომ ხაჭაპური არასდროს ყოფილა ასეთი პოპულარული ნიუ–იორკში, როგორც ახლაა. ასეც ეწოდება სტატიას – „ხაჭაპური ნიუ–იორკის რესტორნების მთავარ კერძებში გადავიდა“. ახლა მას შეხვდებით არა მხოლოდ ქართულ რესტორნებში, არამედ სხვადასხვა დაწესებულების მენიუშიც. უფრო მეტიც, არის ცალკე რესტორანი, სადაც მხოლოდ ხაჭაპურს ამზადებენ.

BBC პიცის ქართველ „ნათესავზე“: ხაჭაპურს ბედნიერი ადამიანები აცხობენ

განსაკუთრებული ყურადღბა დაიმსახურა აჭარულმა ხაჭაპურმა.

სტატიაში მოყვანილია წიგნის „ქართული დღესასწაული“ ავტორის, დარა გოლდშტეინის სიტყვები, რომელმაც დაწერა, რომ ხაჭაპურის დამზადება, დიდი ალბათობით, მე–12 საუკუნეში დაიწყეს, როდესაც საქართველოში აღორძინების ეპოქა იყო. გოლდშტეინი ხაჭაპურის წარმოშობას ინდოეთს უკავშირებს, რადგან „პური“ ინდურადაც პურს ნიშნავს, ხოლო „ხაჭა“ – ქართულად ხაჭოა.

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ხაჭაპური განსაკუთრებით პოპულარული იყო 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე. მაშინ რესტორნებში 175 ათასი ხაჭაპური გაიყიდა.