ვის მიენიჭება შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას სახელობის და საქართველოს ეროვნული პრემიები

პრემიების მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადების მიღება 11 აპრილს დაიწყო და პირველი მაისის ჩათვლით გაგრძელდება
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის,  ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს  ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად  კონკურსი გამოცხადდა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პრემიების  მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადების მიღება 11 აპრილს დაიწყო  და პირველი მაისის ჩათვლით გაგრძელდება. 

ბრიფინგი „მეცნიერება და განათლება საქართველოში - პრობლემები და პერსპექტივები“

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა   მეცნიერებსა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ადამიანებს მოუწოდა, კომისიას მიაწოდონ საკუთარი ნამუშევრები, რათა მოხდეს მათი შემოქმედების შეფასება. 

„ჩვენს საზოგადოებას გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზის გამო, დიდიხანია არ ჰქონია შესაძლებლობა ეზეიმა ჩვენი მეცნიერების, ხელოვანების მიღწევები. დღეს კი გვაქვს იურიდიული საფუძველი, რომ შეფასება და აღიარება მივცეთ იმას, რაც  5 წლის განმავლობაში იქმნებოდა ხელოვნების, მეცნიერების, პუბლიცისტიკის მიმართულებით", — განაცხადა  გიორგი მარგველაშვილმა.

საკონკურსო პირობების მიხედვით:  

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია ენიჭება პირს (არაუმეტეს ხუთისა)  ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 3 წელში ერთხელ.   თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა პრემია 10 ათასი ლარის ოდენობით. 

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია ენიჭება პირს (არაუმეტეს ერთისა) ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო, საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგად საკაცობრიო იდეალებით.

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა 2 წელში ერთხელ, 5 ათასი ლარის ოდენობით. 

საქართველოს ეროვნული პრემია  ენიჭება პირს (არაუმეტეს ორისა) საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.

საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა გაიცემა ყოველწლიურად, თითოეული გამარჯვებულისთვის  10 ათასი ლარის ოდენობით.