„ქართული რკინიგზა“ ენერგოეფექტურ განათებაზე გადადის

ახალი პროექტი რკინიგზას ელექტროენერგიის ეკონომიის და თანამედროვე ტიპის განათების შესაძლებლობას მისცემს
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. სს „საქართველოს რკინიგზამ“ გააფორმა კომპანია „გრატოსთან“ ოფიციალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად „რკინიგზა“  განათების თანამედროვე სისტემაზე გადადის, იუწყება ტელეარხი Imedi.

ხელშეკრულების თანახმად, კომპანია იღებს ვალდებულებას 10 თვის განმავლობაში სარკინიგზო სადგურებზე, დეპოში, გვირაბებში, ხიდებზე ამერიკული ენერგოეფექტური განათება დაამონტაჟოს.

ბაქო-თბილისი-ყარსის სრულყოფილი ამოქმედების თარიღი ცნობილია

„ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება თავისი ხარჯებით გამოცვალოს თითოეული გადამწვარი სანათი, რაც მოგვცემს სამჯერ მეტ განათებულობას, ვიდრე დღეს გვაქვს“, — განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორმა ვასილ ხორავამ.

თანხის გადახდა დაზოგილი ელექტროენერგიით მოხდება.

„მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება საქართველოში და ვიმედოვნებთ, რომ სხვა ორგანიზაციები გაიზიარებენ ამ გამოცდილებას“, — განაცხადა კომპანია „გრატოს“ წარმომადგენელმა ვალერიან ტოგონიძემ.

საქართველოს რკინიგზა წარმოადგენს ევროაზიური სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს და უმოკლეს გზას, რომელიც ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს.