გურჯაანში სამორინეს თანამშრომლებმა სამი ახალგაზრდა სცემეს - ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზეა

დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. გურჯაანში მდებარე სამორინეს თანამშრომლებმა სამი ახალგაზრდა სცემეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).

ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. მამაკაცი  რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა შეერთებული. 

ზესტაფონში გამომძალველები დააკავეს - ვიდეოკადრები

ადგილობრივების განცხადებით, მამაკაცები ნასვამ მდგომარეობაში ცდილობდნენ სამორინეში შესვლას, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა.

„მამაკაცს თავის ტვინში აღენიშნება სისხლჩაქცევა. ჯერჯერობით მდგომარეობა მძიმეა. ოპერაციის შემდგომი პერიოდია და ნარკოზის ქვეშ იმყოფება. ამ დრომდე აპარატზეა შეერთებული“,-  განაცხადა „ევექსის“ ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორმა, ბუბა შალამბერიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და  სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.