რუბრიკა „ცნობილების ვოიაჟი“ ჟურნალისტ გოგა ქუცნიაშვილს წარმოგიდგენთ.
— დღეებს ითვლი როდის მოვა წასვლის თარიღი, სიხარულით (თვითმფრინავის გარეშე) მიფრინავ აეროპორტში, ჯდები თვითმფრინავში, მიფრინავ სამი საათი და ეშვები სხვა ქვეყნის აეროპორტში. რაღაც უცნაური გრძნობა ტრაპზევე გეუფლება… გრძნობ, რომ არ ხარ იქ, სადაც აქამდე მთელი ცხოვრება გაატარე, ყველაფერი სხვანაირია, განსაკუთრებული და გრძნობ, რომ ახალი კარი იღება, ის კარი, რომლის დახურვასაც არც ერთი ადამიანი შემდგომ აღარ ისურვებს. მთელი ორი კვირა გაღიმებული დავდიოდი და არ მინდოდა არც ერთი ნაბიჯის გადადგმა ქუჩაში ისე, რომ გარშემო არ მეყურა და რამე გამომრჩენოდა თვალთახედვის არეალიდან.
- როგორ ფიქრობთ შეგცვალათ მოგზაურობამ?
— დიახ, რა თქმა უნდა. მოგზაურობა და საკუთარი თავის განვითარება ჯაჭვური პრინციპითაა ერთმანეთზე გადაბმული. ნახულობ ახალ ადგილებს, ეცნობი ახალ ხალხს, ზოგჯერ აკეთებ იმას, რაც შეიძლება თბილისში ვერ გააკეთო, რადგან ყოველი მესამე ადამიანი შეიძლება პოტენციურად კარის მეზობელი, ნათესავი, ნაცნობი აღმოჩნდეს. ვფიქრობ, ყოველი ახალი მოგზაურობა რაიმე სიახლის მომტანია ადამიანისთვის. რჩევას მივცემ მათ, ვისაც ძალებში დარწმუნება და საკუთარი თავისთვის გამოცდის მოწყობა უნდა — სცადეთ მოგზაურობა მარტომ — ეს ისაა, რასაც სიტყვებით ვერ ახსნი და თუ ვინმეა ნამყოფი ეულად „ტურში“ და ახლა ამ სტატიას კითხულობს, ზუსტად მიხვდება, თუ რას ვგრძნობ და რისი გადმოცემა მინდა მკითხველისთვის.
- რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?
— ვარ ნამყოფი პოლონეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, კვიპროსზე, თურქეთში, გერმანიაში, იტალიასა და უნგრეთში. სია გრძელი არ არის, ადგილების ამოჩემება ვიცი და ძირითადად ჩამოთვლილი ქვეყნებიდან 2-2 ჯერ მაინც ვარ ნამყოფი. მაგალითაც, სტამბოლში ოთხჯერ ვარ ნამყოფი.
- რომელ ქვეყანას, ან ქალაქს გამოარჩევდით?
— არ შემიძლია არ გამოვყო სტამბოლი. რაღაცნაირი ქალაქია უცხო, ამავე დროს ძალიან ნაცნობი. იდუმალი და თან თბილი… სიძველის სუნით გაჟღენთილი, თან თანამედროვე…
ტრამვაის ფანჯრიდან დანახული კი ორმაგად საინტერესოა… სიმართლე გითხრათ, ღირსშესანიშნაობები დიდად არც ერთ ქალაქში მხიბლავს და არ ვარ ის ადამიანი, რომელიც სტამბოლს იმიტომ ეწვევა, რომ აია-სოფია ნახოს, ბერლინში — კედელი და მილანში — დუომო. რა თქმა უნდა, როდესაც ჩასული ვარ ქალაქში მთავარ ღირსშესანიშნაობებს ვნახულობ, თუმცა ეს არ არის მთავარი, რაც მიმაჯაჭვებს ამა თუ იმ ქალაქს. არსებობს რაღაც უხილავი „ღირსშესანიშნაობა“, ქიმიას რომ ეძახიან, აი ეს ქიმია თუ არის ჩემსა და ქალაქს შორის, მას ვერასდროს ვივიწყებ.
- როგორ გეგმავთ ტურს, რომ შეღავათიანიც იყოს და ნაყოფიერიც თქვენი მოგზაურობა?
— ბიუჯეტური მოგზაურობა არც თუ ისე რთულია. თუ გეტყვით, რომ კვიპროსზე ოთხ დღიანი დასვენება მხოლოდ 175 ლარი დამიჯდა, რომელშიც ავიაბილეთი, სასტუმრო, საუზმე და სამოგზაურო დაზღვევა შედიოდა დამიჯერებთ?
ეკონომიურად მოგზაურობა რა თქმა უნდა შესაძლებელია, თუ მოვერგებით ავიაკომპანიის მიერ შემოთავაზებული იაფი ბილეთების თარიღებს. ძირითადად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტია, საიდანაც საკმაოდ იაფად შეგვიძლია ვიმგზავროთ ევროპის 20-ზე მეტი მიმართულებით. ბილეთების შეძენა გამგზავრებამდე 4-6 კვირით ადრეა რეკომენდირებული, რომ ფასი შედარებით იაფი იყოს, ვიდრე გაფრენის წინა დღეს.
სასტუმროებს რაც შეეხება, www.Booking.com ერთერთი საკმაოდ წარმატებული საიტია, სადაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლია იპოვო შენთვის სასურველი სასტუმრო შესაბამის ფასში. აპარტამენტების კატეგორიაში კი www.airbnb.com —ია ლიდერი. თუ დროს გამონახავთ და არ დაგეზარებათ მასპინძლის მოძებნა, შესაძლოა, რომ ევროპის ნებისმიერ ქალაქში უფასოდ იპოვოთ თქვენთვის სასურველი სახლი, ქოუჩსერფინგის დახმარებით. ავტობუსისა და მატარებლის ბილეთებს კი რაც შეეხება, მე პირადად საიტ www.goeuro.com —ს ვიყენებ. ის ცდილობს სხვადასხვა საიტიდან მოგროვილი ინფორმაცია შემოგთავაზოს ფასისა და საათების მიხედვით. არჩევანი კი უკვე შენზეა.
- მოზაურობის დროს უცნაურ ან კურიოზულ სიტუაციაში თუ ჩავარდნილხართ?
— სტამბოლში შემემთხვა საკმაოდ კურიოზული სიტუაცია. სასტუმროში როდესაც მივედი, აღმოჩნდა, რომ ჩემი ნომერი მზად იყო, თუმცა, რატომღაც სასტუმროს მფლობელმა ძილი გადაწყვიტა და ამისათვის ჩემი ნომერი აირჩია. „რისეფშენში“ ამ „დანაშაულის“ გამოსასყიდად გადაწყვიტეს, რომ სხვა ნომერში შევეყვანე, რომელიც ჯამურად დაახლოებით 200$-ით ძვირი იყო ჩემს მიერ შერჩეულ ოთახზე. თანხა, რა თქმა უნდა, არ დამამატებინეს.
სტამბოლიშივე იყო ასეთი შემთხვევა, ქუჩებში დავდიოდი ჩემთვის, ყურში ყურსასმენები მეკეთა და ძველ ქუჩაზე ჩემთვის მივბოდიალობდი. დავინახე, რომ ჩემსკენ რაღაც მოფრინავდა და ინსტიქტურად ხელი გავიშვირე. სამ წამში ჩემს ხელში კომბოსტოს ფურცელი აღმოჩნდა, შემდეგ ვიღაც კაცი მომვარდა, ამ კომბოსტოში რაღაც ჩატენა, მთლიან ტანზე ბედნიერად ლიმონი დამაწურა და მაიძულა, რომ მეჭამა. გავსინჯე, მაგრამ საკმაოდ ცუდი გემო ჰქონდა. გადაყლაპული არ მქონდა ლუკმა რომ ტელევიზია მომვარდა და მკითხა რამდენად მომეწონა ეს კერძი. უმალვე ვუპასუხე, რომ უგემრიელესი იყო. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი საკმაოდ ცნობილი თურქი მზარეული იყო, სიუჟეტი კი მის მიერ შექმნილ შედევრებს ეძღვნებოდა… მომდევნო დღეს მეგობარი მწერს თუქეთიდან, რომ „სი ენ ენის“ საინფორმაციო გამოშვებაში მნახა.
- გაიხსენეთ ყველაზე უცნაური კანონი ან ადათ-წესი რაც უცხო ქვეყანაში შეგხვდათ…
— ამ მხრივ იტალიას გამოვყოფდი. ვენეციაში რატომღაც ფრინველების მიმართ სიყვარულმა გაიღვიძა ჩემში (ძალიან მეშინია ფრინველების) და გადავწყვიტე მტრედებისთვის პურის ნამცეცები დამეყარა, რაც თურმე აკრძალულია. საკმაო ხანი დამჭირდა დამეჯერებინა გარშემომყოფები, რომ ამ კანონის შესახებ არაფერი ვიცი. ერთი შეხედვით საკმაოდ სულელური კანონია, თუმცა იტალიელებს ამის გამამართლებელი მიზეზიც, რა თქმა უნდა, აქვთ. როცა იკვებებიან, შემდეგ ტერიტორიას აბინძურებენ. ამიტომ იკრძალება მათი გამოკვება.
- ერთ-ერთი ჯგუფის ადმინი ხართ. რა როლს ასრულებს ეს ჯგუფი, როგორ ეხმარება მოგზაურებს?
— ვფიქრობ, რომ ჯგუფი wetravel — რჩევები მოგზაურობაზე, მოგზაურებისთვის კომპეტენტური პასუხების მიღების ერთადერთი სივრცეა. ნებისმიერი კითხვა, რომელიც მოგზაურობას უკავშირდება, ნებისმერი რჩევა თუ გამოცდილების გაზიარებაა შესაძლებელი ამ ჯგუფში. თითქოს ერთი ოჯახივითაა, სადაც ყველა მოგზაურობს და საკუთარ გამოცდილებას სხვას უზიარებს.
- ჯგუფურ მოგზაურობაზე რას გვეტყვით. რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ 10-ზე მეტი ადამიანის ერთად გამგზავრება უცხო ქვეყენაში. თქვენ თუ მიგიღიათ მსგავსი ტიპის მოგზაურობაში მონაწილეობა?
— იცით რა? ჩემთვის პირადად ცოტა დისკომფორტია დიდ ჯგუფთან ერთად მოგზაურობა. ვიღაცა გვიან იღვიძებს, ნელა საუზმობს, საკმარისზე მეტი ფოტოს გადაღება უყვარს და გიწევს, რომ ლოდინში გაატარო დრო, მაშინ, როდესაც ეს დრო საკმაოდ ნაყოფიერად შეგიძლია გამოიყენო. ჩემთვის ცოტა დისკომფორტია 10 ადამიანთან ერთად მოგზაურობა, თუმცა ამის გამოცდილებაც, რა თქმა უნდა, მაქვს.
- ყველაზე ხშირად რა პრობლემებს აწყდებიან მოგზაურები მოგზაურობის დროს და რა უნდა გაითვალისწინონ აუცილებლად?
— ძირითადი პრობლემები, რომელიც დღეს ტურისტებს აქვთ ვიზალიბერალიზაციის წესების შესაბამისად არ ცოდნაა და მთავარი კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა მიწევს სწორედ ვიზალიბერალიზაციას უკავშირდება. იმ ფონზე, როდესაც საკმაოდ დიდი კამპანია ჩატარდა, თუ რა არის ვიზალიბერალიზაცია, რა საბუთები გვჭირდება და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის სწორად, მაინც არსებობს კითხვები, რომელზეც პასუხებს ნებისმიერ დროს ვცემ. ყველას ვურჩევ, ვინც გადაწყვეტს ქვეყნიდან გასვლას ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში პირველად, გადახედონ აუცილებელ მოთხოვნებს, რათა საზღვარზე უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ.
- ახლა საით გაქვთ გეზი აღებული, სად გაემგზავრებით?
— ჩემი მომდევნო გაჩერება კატოვიცეა, საიდანაც ჟუშევში გადავინაცვლებ, შემდეგ კი EVS პროექტის ფარგლებში ერთი წლით ბულგარეთში დავბანაკდები. თუმცა, რასაკვირველია, ამ პერიოდის განმავლობაში უკვე მაქვს გეგმები, თუ რომელი ქალაქები უნდა მოვინახულო.