ჩაის და თაფლის ფესტივალი მთაწმინდის პარკში

ქართულმა და უცხოურმა მწარმოებელმა კომპანიებმა ფესტივალზე ჩაის და თაფლის უნიკალური სახეობები წარმოადინეს.
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. თბილისში, მთაწმინდაზე ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„თბილისის ჩაის ფესტივალი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს, საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა და მთაწმინდის პარკის ორგანიზებით გაიმართა.

„ქართული ჩაი“: წყალტუბოში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდება

ფესტივალის მიზანია მეჩაიეობის სფეროში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ერთობლივი ეკონომიკური რეგიონული პროექტების განხორციელება, ადგილობრივი საშუალო და მცირე მწარმოებლების მხარდაჭერა, ასევე საზოგადოებაში მომხმარებელთა შორის ნატურალური ჩაის პოპულარიზაცია და შიდა ბაზრის ათვისება.

ფესტივალში 10–მდე ქართული კომპანია და ასევე, უცხოელი მწარმოებლები იღებდნენ  მონაწილეობას. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ჩაისა და თაფლის უნიკალური სახეობები.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა.

ინგლისელი მეცნიერები: ხილის ჩაი ჯანმრთელობისთვის საშიშია

„დღევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილია ჩაის და თაფლის სეგმენტი, მონაწილეობენ ჩაის იმპორტიორებიც. ფესტივალი აჩვენებს, თუ როგორი პროგრესია ყოველ წლიურად ამ სფეროში, ჩნდებიან ახალი კომპანიები და ვითარდებიან უკვე არსებულები. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს როგორც ტრადიციების შენარჩუნებას და განვითარებას, ასევე რეგიონში ამ დარგის აღორძინებას“, —  განაცხადა ხანიშვილმა.

ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, თენგიზ სვანიძის განცხადებით, „ჩაის ფესტივალი“ 2005 წლიდან  ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ მონაწილეს აერთიანებს, ამავე დროს ის დარგის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.