ჰაერის დაბინძურება თბილისში: პარლამენტი ახალ ინიციატივებს ამზადებს

პარლამენტის დეპუტატები პირველად შეფიქრიანდნენ დედაქალაქის ეკოლოგიური პრობლემებით
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ახალი ინიციატივა – „საკომიტეტო მოკვლევა თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ“ დღეს, ხუთშაბათს იწყება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ინიციატივა, რომელიც თბილისში ჰაერის დაბინძურების პრობლემებს ეხება, პარლამენტში პირველად არის წარდგენილი. ის საპილოტე რეჟიმში ინეგრება და ეფექტური მექანიზმი გახდება იმისთვის, რომ პარლამენტმა მასზე ზედამხედველობა განახორციელოს.

ტყვიის გავრცელება ჰაერში: მთავრობის მომავალი ნაბიჯები

თბილისის ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კომიტეტი აღმასრულებელ უწყებებს წარუდგენს ინსტრუქციებსა და რეკომენდაციებს, ასევე მათ შესრულებას გააკონტროლებს.

საკომიტეტო კვლევისთვის შექმნილია 15 დეპუტატისგან შემდგარი ჯგუფი. მასში შედიან როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კომიტეტის წევრები გაეცნობიან ყველა დაინტერესებული მხარის მიერ წერილობითი ფორმით მოწოდებულ დადასტურებულ პოზიციას.

დადასტურებული პოზიცია გულისხმობს: წინასწარ განსაზღვრული ტექნიკური პირობების დაცვით (TOR), წერილობითი ფორმით, მტკიცებულებებითა და ფაქტებით გამყარებულ დოკუმენტს, სადაც იქნება მოყვანილი ის გარემოებები, რომლებიც უშუალო ზეგავლენას ახდენს თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე. 

პოზიციების მიღება 19 აპრილს დაიწყო და პირველ ივნისამდე გაგრძელდება.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მარტის ბოლოს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისში სათანადოდ არ არის დაცული ეკოლოგიური ნორმები და ყურადღება არ ექცევა ჰაერის ხარისხს.

თბილისი ეკოლოგიური პრობლემის წინაშე: ყველაზე დაბინძურებული ადგილი, მოძველებული ტრანსპორტი

თბილისში ჰაერი დაბინძურებულია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით, რადგან ქვეყანაში ჯერჯერობით არ მოქმედებს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება. ამასთან, საპატრულო პოლიცია არასაკმარის ყურადღებას უთმობს ავტომობილების მიერ მავნე ნივთიერებების გამოყოფის ნორმების დარღვევას, რაც ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედებაა, ნათქვამია დოკუმენტში.

კვლევამ აჩვენა, რომ დედაქალაქში ოზონის წილმა ჰაერში 2017 წელს ნორმას 167%–ით გადააჭარბა, გოგირდის დიოქსიდის – 155%–ით, ხოლო ნახშიროჟანგის – 122%–ით.

ყველაზე დაბინძურებული ჰაერი წერეთლის გამზირზე აღმოჩნდა.

აუდიტის სამსახურმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეასწოროს ხარვეზები კანონმდებლობაში, მკაფიოდ განსაზღვროს ჰაერის სტანდარტული ხარისხი და გააფართოოს დაბინძურების ცნება.