უნიკალური შანსი ახალგაზრდა მხატვრებისთვის

მხატვრები თანამედროვე ხელოვნების მულტიმედიური ცენტრის ტერიტორიაზე იცხოვრებენ და შექმნიან თავიანთ ნამუშევრებს
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „არტ ვილა გარიყულა“ (Art Villa Garikula) აცხადებს მულტიმედიურ პროგრამას საქართველოში მცხოვრები 18–დან 24 წლამდე ახალგაზრდებისთვის, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

წელს სარეზიდენციო პროგრამა ეძღვნება ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის Fest i Nova-ს დაარსების 10 წლის იუბილესა და ფუტურისტების ავანგარდული ჯგუფის – 41°-ის შექმნის 100 წლის იუბილეს, რომელშიც შედიოდა ილია ზდანევიჩი (პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვარი ფუტურისტი, მწერალი, პოეტი, მკვლევარი).

Tbilisi Art Fair-ი თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მხატვრებს უმასპინძლებს

სარეზიდენციო პროგრამის შედეგებით შერჩეული მხატვრები „არტ ვილა გარიყულას“ კურატორებთან ერთად იმუშავებენ მათ მიერ წარმოდგენილ კონცეფციაზე. ნამუშევრების გამოფენა 6 მაისს მოეწყობა.

შერჩეული არტისტების ტრანსპორტირების, გარიყულაში ცხოვრებისა და ნამუშევრების შექმნისთვის აუცილებელ ხარჯებს უზრუნველყოფს „არტ-ვილა გარიყულა“. პროგრამის მსვლელობისას შექმნილი ნამუშევრები გამოფენის შემდეგ დარჩება „არტ-ვილა გარიყულას“ მუდმივ ექსპოზიციაში. 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა სპეციალური ანკეტა უნდა შეავსონ არა უგვიანეს 21 აპრილისა.

არტ ვილა გარიყულა“ კასპის რაონში მდებარეობს. სოფელ გარიყულაში თანამედროვე ხელოვნების ცენტრი მხატვარმა ყარამან ქუთათელაძემ დააარსა.

„არტ ვილა გარიყულაში“ პერიოდულად იმართება საერთაშორისო ფესტივალები და გამოფენები.