ურეკის სანაპიროზე ზღვამ ორი მკვდარი დელფინი გამორიყა

ზღვის ძუძუმწოვართა დაღუპვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ეს არის ბიოლოგიური სიკვდილი, სანავიგაციო ტრავმა, ტოკსიკოპათოლოგიური ფაქტორი
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ურეკში ზღვამ დღეს ორი მკვდარი დელფინი გამორიყა, იუწყება აჭარის ტელევიზია. 

საქართველოს ზღვისპირეთში დელფინები იხოცებიან

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით,   სანაპირო ზოლში ორი მკვდარი ძუძუმწოვრის შესახებ შეტყობინება  დეპარტამენტში 14 აპრილს შევიდა. 15 აპრილს მკვდარი დელფინები ბათუმში, 16 აპრილს მწვანე კონცხის,  17 აპრილს – ქობულეთის ტერიტორიაზე შენიშნეს, დღეს კი დელფინები ურეკის სანაპიროზე გამოირიყა.

ბათუმის სანაპიროზე წელს მკვდარი ძუძუმწოვრის გამორიყვის ცხრა შემთხვევა, გასულ წელს კი 98 შემთხვევა დაფიქსირდა.

ზღვის ძუძუმწოვართა დაღუპვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ეს არის ბიოლოგიური სიკვდილი, სანავიგაციო ტრავმა, ტოკსიკოპათოლოგიური ფაქტორი.