პარტიული ომი „ქართულ ოცნებაში" - ბოსები სიტუაციის დალაგებისათვის ემზადებიან

შაბათს „რუსთავი-2“-ის მიერ გავრცელებულმა მიმოწერამ ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ მმართველ პარტიაში შიდა პარტიული ომია გაჩაღებული და ის მანამ არ დაცხრება, სანამ არაფორმალური მმართველი არ ჩაერევა...
Sputnik

არადა, არ ერევა… ბოლო ხანს ის მაინც გაირკვა, რომ უმრავლესობა შეკრებას ქუთაისში გეგმავს.  იქ უფრო ადვილია ჟურნალისტებისა და მოქალაქეების ზედმეტი ყურადღებისაგან თავის დაღწევა, მაგრამ როცა „ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატი (შესაძლოა, არა მხოლოდ ერთი) „კურიერს" მესიჯებს აკითხებს, ეს ან პარტიის ზედმეტ გახსნილობასა და დემოკრატიულობაზე მეტყველებს, ან შესაბამისი სამსახურების სრულ უსუსურობაზე.

არის მესამე ვარიანტიც — როგორც წესი, ოპოზიციური ტელევიზია მმართველი პარტიის ლიდერებს არა ერთხელ გამოუყენებიათ კონკურენტების დასაძირად. მოკლედ, ბრძოლა წესების გარეშე ქართულ პოლიტიკაში დიდი ხანია, დაწყებულია. ახლა მნიშვნელოვანია, როგორი გაგრძელება ექნება ამ ამბავს.
ჩვენი ინფორმაციით, დაპირისპირების ტალღის ჩახრობას მმართველი პოლიტიკური ძალა აპრილის ბოლომდე ეცდება, რათა მაისში პარტიის ყრილობას არასასიამოვნო ელფერი არ ახლდეს.

მიჯირყვნის დიდოსტატები „ქართულ ოცნებაში“ და ვის მხარესაა ბიძინა ივანიშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი2“-ის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ „ჩათში“, სკანდალური მიმოწერა არ იყო და საუბარი ყოველდღიური სამუშაო კამათის ჩარჩოს არ გასცდენია. მისი თქმით, მთავარი სკანდალი არის ის, თუ როგორ მოხვდა მასალა მედიის ხელში და რატომ იხდიან ქვეყნის პირველი პირები თავს ჟურნალისტების საქილიკოდ.

– „პატარა ბავშვებივით კამათობენ ქვეყნის პირველი და მეორე პირი. ჩვენ გვაქვს სერიოზული ინსტიტუციური კრიზისი ქვეყანაში, რაც გადასაწყვეტია — სახელებში და გვარებში არ არის პრობლემა“, — აცხადებს ხუხაშვილი.

ინფორმირებული წყაროების ინფრომაციით, არანაირი პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტი მოსალოდნელი არ არის. მართალია, ირაკლი კობახიძეს ზუსტად დაუთვლია, რომ მის გადასაყენებლად თუ არა, პროცესის დასაწყებად 50 ხმაა საჭირო, მაგრამ შესაბამისი სამსახურების ნებართვის გარეშე ბუნებრივია, ამ 50 ხმას ვერ მოაგროვებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაზე რადიკალურ ოპოზიციაშიც კი, რადგან ბევრი ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკი და ამჟამად დეპუტატი ღიად ან ფარულად თანამშრომლობს ძალაუფლების მპყრობელებთან, თავიანთი წარსულის ჩასაფარცხად.

სამი ამოცანა ქართული ოცნებისათვის

ექსპერტები დიდი ინტერესით ელოდებიან, რა წესებს დაწერს პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც ჩანს, უმრავლესობა სწორედ ამ წესების შექმნას ელოდება, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, კობახიძემ ჰამურაბის კანონები შექმნას. აი, თუ დეპუტატები ერთმანეთს ცილისმწამებელს და ჭორიკანას არ დაუძახებენ და საერთოდ, უფრო კულტურული ტერმინოლოგიით იმეტყველებენ, ნამდვილად აამაღლებენ ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კულტურას. პრინციპში, ასეთი „ერის მამების“ ფონზე საზოგადოების აგრესიულობა და გაზრდილი კრიმინალიც არაა გასაკვირი. ისიც ცხადია, რომ ამ პროცესებს ხელს ის ქვეყნებიც შეუწყობენ, ვისაც არ სურს საქართველო სახელმწიფოდ შედგეს.
ისევ უმრავლესობის შეკრებას რომ დავუბრუნდეთ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არც პარლამენტი დაიშლება და არც — მთავრობა. გედი ფოფხაძისა და ვანო ზარდიაშვილის გადანაცვლებით კი არც შესაკრებთა ჯამი შეიცვლება და არც — ქართველი ხალხის მძიმე ეკონომიური და სოციალური მდგომარეობა.

რა სიურპიზს უმზადებს მარგველაშვილი პარლამენტს

მართალია, ორივე მხარე უარყოფს, მაგრამ ფაქტია, რომ კვირიკაშვილისა და კალაძის გუნდები პარლამენტში ერთმანეთს ებრძვიან და აქ დიდ ქართველ დიპლომატსა და ფეხბურთელს, მეგობრული მატჩის ჩატარება შესარიგებლად აზრად არ მოსვლია, ამასთან, დემონსტრაციულად აჩვენებს ირაკლი კობახიძესთან სიახლოვეს. როგორც ჩანს, ეს უფრო კვირიკაშვილის გარშემო წრის შეკვრას წააგავს, რადგან მან არც პრეზიდენტობა — ანუ რბილად წასვლა მოინდომა და არც — გადადგომა.

სავარაუდოდ, პარტიაში პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობის შემცირებასა და პარტიული დისციპლინის განმტკიცებაზე ფიქრობენ. ჩვენი ინფორმაციით, ყრილობაზე დასახელდება ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი და ამით საპარლამენტო დაპირისპირება ჩაცხრება. მართალია, პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიები ვადამდელ არჩევნებზე ოცნებობენ, მაგრამ ამ ყველაფერს ფინანსური რესურსი და საგარეო მზადყოფნაც სჭირდება, ამიტომ ამ მხრივ ჯერ არავითარი ნიშნები არ ჩანს.
სახელისუფლებო გუნდში რომ საპრეზიდენტო კანდიდატზე აქტიური მსჯელობა მიდის, დადასტურდა. საუბრობენ, თითქოს ამ პოსტზე კახი კალაძე, გიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ბახტაძე და სხვები ერთმანეთს ეცილებიან, თუმცა ეს მხოლოდ სპეკულაციებია ჯერჯერობით და სიმართლეს მხოლოდ მაისის შუა რიცხვებისათვის შევიტყობთ. მანამდე კი მთავრობა და პარლამენტი მოჩვენებითი გუნდურობის სურათს დაუბრუნდება. თუმცა ნამდვილი ბრძოლა მაინც 2019 წლიდან დაიწყება 2020 წლის არჩევნების ჩასაბარებლად.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!