საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის პროგრამები - სერგეენკომ გამოცდილება კოლეგებს გააცნო

სერგეენკომ მსოფლიოს 11 ქვეყნის წარმომადგენლებს საქართველოს გამოცდილება გააცნო
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik.  ჩვენი ქვეყნების ხედვების გაზიარება უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ დავინახოთ და განსაზღვროთ სხვადასხვა თვალით დანახული გამოწვევები, განაცხადა საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული რეგიონული შეხვედრა ესპანეთში,  ქალაქ სიტჯესში 16–18 აპრილის პერიოდში იმართება. 

სერგეენკო: საქართველოში С ჰეპატიტთან ბრძოლა მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშოა

სხდომაზე მსოფლიოს 11 ქვეყნის წარმომადგენელი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი, მსოფლიო ბანკისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წარმომადგენლები არაგადამდებ დაავადებებზე რეაგირების საკითხებს განიხილავენ. 

შეხვედრაზე სერგეენკომ ყურადღება არაგადამდები დაავადებების მართვაზე, საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებზე გაამახვილა. მინისტრმა საქართველოს გამოცდილება მსოფლიოს 11 ქვეყნის წარმომადგენლებს გააცნო.

„დღევანდელი შეხვედრის მისია უმნიშვნელოვანესია მსოფლიო ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის. არსებული გამოწვევები და პრობლემები შესაძლებელია, მრავალ ქვეყანას აწუხებდეს.ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნების ხედვების გაზიარება უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ დავინახოთ და განსაზღვროთ სხვადასხვა თვალით დანახული გამოწვევები“,  – განაცხადა სერგეენკომ.

ჯანმრთელობის  მსოფლიო ორგანიზაცია გაეროს  სპეციალური დაწესებულება, რომელიც 1948 წელს შეიქმნა.  ორგანიზაციის მიზანი მსოფლიო ხალხების ჯანმრთელობის მაღალი დონის მიღწევაა.საქართველო ორგანიზაციის წევრი 1992 წლიდან გახდა. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები დაჯგუფებულნი არიან რეგიონული პრინციპით, საქართველო მიეკუთვნება ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს, რომელიც  53 წევრ ქვეყანას მოიცავს.