თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-გასაღების ბრალდებით დაკავებულ პაატა მუსერიძესა და გიორგი ბახტაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
მუსერიძე და ბახტაძე თბილისში 13 აპრილს დააკავეს. შსს-ში ამტკიცებენ, რომ მუსერიძე იარაღის გასაღებას სისტემატიურად ეწეოდა. ბოლოჯერ მან Glock 17 და Glock 19-ის მარკის პისტოლეტები 7 000 დოლარად 13 აპრილს გაყიდა, ხოლო ბახტაძის საცხოვრებელი სახლისა და პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო Glock 34-ის და „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტები, რევოლვერები, სხვადასხვა მოდელის იარაღი, ვაზნები და დაშლილ მდგომარეობაში იარაღი.
„პირველ რიგში განვმარტავ, რომ სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა, ვინაიდან ჩათვალა, რომ არსებობდა მათი მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე“, — განაცხადა პროკურორმა, ვაჟა თოდუამ Rustavi2-თან ინტერვიუში.
ქართული მედია ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი დაკავებული — პაატა მუსერიძე იარაღის მაღაზია „დენთის“ დამფუძნებელია, რომელიც თბილისში ფუნქციონირებს.
რაც შეეხება მეორე დაკავებულს — ბახტაძეს, რომელიც მუსერიძის მეგობარია, მან დაკავებისთანავე განუცხადა სამართალდამცველებს, რომ მას აქვს იარაღი, თუმცა ის სროლისათვის გამოუსადეგარია. ბრალდების მხარე სხვაგვარად ფიქრობს.
უკანონო იარაღი საქართველოში — დაკავებულია ცხრა ადამიანი >>
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით („ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და გასაღება“), რაც 4 წლამდე ვადით ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.