თბილისი- 12 აპრილი — Sputnik. ბათუმში, გვიან ღამით აკუსტიკურ ხმაურსა და პიროტექნური ნაკეთობების გამოყენებას პირველი ივლისიდან, პოლიციის ნაცვლად, ბათუმის მერია გააკონტროლებს, იუწყება აჭარის ტელევიზია.
ხმაურის მონიტორინგი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესული ცვლილებების საფუძველზე განხორციელდება, რის მიხედვითაც თვითმმართველობის ორგანოებს ენიჭებათ ულებამოსილება, ადგილზე შეადგინონ საჯარიმო ქვითარი. კანონის დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდებიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.
„ბათუმელებს ხშირად აქვთ პრეტენზიები, რომ ქალაქში ღამით ხმაურია. ხშირია მომართვიანობა გვიან ღამით ფეირევერკების ხმაზე, მუსიკასა და ზოგად ხმაურზე. გვთხოვენ რეაგირება მოვახდინოთ და ავღკვეთოთ," — განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.
პირველი ივლისიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებულ ბაზებსა და აღჭურვილობას ბათუმის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, ა(ა)იპი „მუნიციპალური სერვისების სააგენტოს" გადასცემს.
„მუნიციპალური სერვისების სააგენტო", რომელიც 30 კაცისგან შედგება, სხვა ფუნქციებთან ერთად, დღის ან ღამის საათებში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებას, ფოიერვერკების გაშვებისა და სხვა საშუალებების ხმაურს დააფიქსირებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
2017 წლის 15 აგვისტოდან „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა, რომელიც გადამეტებული ხმაურისათვის ფიზიკური და იურიდიული პირების დაჯარიმებას ითვალისწინებს.
კანონის თანახმად, ღამის საათებია 23:00-დან 07:00 საათამდე.
წინასწარი ინფორმაციით, ბინასა და სახლში ეს იქნება მაქსიმალური 35 დეციბელი დღისით და 30 — ღამით.
სავაჭრო ობიექტებში ხმაურის დასაშვები ნორმა იქნება 55 დეციბელი, სამედიცინო დაწესებულებებში — 40, ხოლო სასწავლო დაწესებულებებში — 35.
ვითარება ბარებსა და რესტორნებში დამოკიდებული იქნება საცხოვრებელ სახლებთან დაშორებულ მანძილზე. დაბალი სახლიდან სიახლოვეს დასაშვები იქნება 50-მდე დეციბელი, ღამით — 40-მდე. მაღალი შენობის სიახლოვეს — დღისით 55, ხოლო ღამით — 45 დეციბელი.
ცვლილებების თანახმად, დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ სხვა ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივი ან საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ ჯერზე გაფრთხილებას გამოიწვევს, 1 წლის მანძილზე მეორედ ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება. თუ იგივე ქმედება მესამედ ან მეტჯერ იქნა ჩადენილი, ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისთვის 300 ლარამდე, იურიდიული პირისთვის კი 1000 ლარამდე გაიზრდება.