ქართულ–ებრაული მეგობრობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა

საქართველომ უკვე მიმართა იუნესკოს თხოვნით, რომ ეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საერთაშორისო დონეზე აღიაროს
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ქართულ–ებრაული მეგობრული ურთიერთობები, რომელიც უკვე 26 საუკუნეს ითვლის, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

Георгий Квирикашвили в Музее истории евреев Грузии

საზეიმო ღონისძიება ამასთან დაკავშირებით გუშინ დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმში გაიმართა. მუზეუმის ხელმძღვანელმა გივი ღამბაშიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს გამოფენილი ექსპონატები დაათვალიერებინა და მუზეუმის დაარსების ისტორია უამბო.

ისრაელში საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმდებიან

„ჩვენი უდიდესი სიმდიდრეა, რომ ქართულ მიწაზე პირველი ებრაელები 26 საუკუნის წინ დასახლდნენ და მას შემდეგ ჩვენ ერთობლივად ვქმნით ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას და ვამდიდრებთ როგორც ებრაულ, ისე ქართულ კულტურას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა ღონისძიებაზე.

პრემიერის შეფასებით, ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობის აღიარება არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად და ეროვნულ კატეგორიაში მისი გადაყვანა ყველა ქართველისთვის და ყველა ებრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს არის ჩვენი საერთო ზეიმი. გამორიცხულია, 26-საუკუნოვანი მეგობრობა არსებობდეს უდიდესი სიყვარულის გარეშე. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში არ ყოფილა და არ არის ანტისემიტიზმი, საქართველოში გაცილებით მეტი რამ ხდება, ვიდრე ანტისემიტიზმის არარსებობაა — ორ ერს შორის არის უდიდესი სიყვარული და განვლილი ამხელა პერიოდი ამაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, ეს სიყვარული ყოველთვის იყო ორმხრივი და ამის თვალსაჩინო დასტურია კულტურულ-საგანმანათლებლო და რელიგიური კერების არსებობა წმინდა მიწაზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კახა კალაძე იერუსალიმის მერს შეხვდა

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ქართველებისა და ებრაელების მეგობრობაში დიდი წვლილი შეიტანა,  მათ შორის სპორტულ კომენტატორს, ქართველ ებრაელს ჯამლეტ ხუხაშვილს, ვისი საქმიანობაც ამ მეგობრობის თვალსაჩინო მაგალითია.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე მიმართა იუნესკოს თხოვნით, რომ ეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საერთაშორისო დონეზე აღიაროს.

„მნიშვნელოვანია, ხვალ უკვე არ ვისაუბროთ 26-საუკუნოვან მდიდარ ისტორიაზე, არამედ დღევანდელი დღე გახდეს დასაბამი შემდგომი კიდევ უფრო ღრმა, კიდევ უფრო ლამაზი და გამდიდრებული ორმხრივი მეგობრობისა. ძალიან დიდი სიხარულით გილოცავთ ყველას ამ დღესასწაულს“, – აღნიშნა პრემიერმა.

Георгий Квирикашвили в Музее истории евреев Грузии

საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის წარმოებს მუდმივი პოლიტიკური დიალოგი; ისინი თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.