სიყვარული თუ დანაშაული: ეჭვიანობა, მკვლელობის მცდელობა და შედეგი – 16 წელი ციხეში

დამნაშავემ 26 წლის მეუღლეს დედისა და ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მუცლისა და გულმკერდის არეში დანა რამდენჯერმე დაარტყა.
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ სცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გამოძებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 აპრილს ქალაქ თელავში 38 წლის მსჯავრდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე 26 წლის მეუღლეს დედისა და ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მუცლისა და გულმკერდის არეში დანა რამდენჯერმე დაარტყა. ექიმებმა დაშავებულის გადარჩენა შეძლეს. სამართალდამცავებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

3 თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის ბრალდებით 855 პირი დააკავეს

მას ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დამნაშავეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული განზრახ მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა და მას სასჯელის ზომად ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. მეორე ინსტანციამ – თბილისის სააპელაციო სასამართლომ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის ვადა 16 წლამდე განუსაზღვრა.