თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საფრანგეთში თავშესაფარი 2017 წელს საქართველოს 1,5 ათასზე მეტმა მოქალაქემ ითხოვა, იუწყება ტელეკომპანია Imedi ლტოლვილებისა და აპარტიდების დაცვის ფრანგული ბიუროს ანგარიშზე დაყრდნობით,
თუ 2017 წელს თავშესაფარი საქართველოს 1 ათას 542–მა მოქალაქემ ითხოვა, 2016 წელს მათი რაოდენობა 940 იყო.
საფრანგეთში თავშესაფრის მიღებისთვის ერთ–ერთ მთავარ მოტივად საქართველოს მოქალაქეები ასახელებენ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილების გამო პოლიტიკურ დევნას. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბევი ყოფილი ჩინოვნიკის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ზოგიერთი პატიმრობაშია, ნაწილმა კი გაქცვით უშველა თავს და ევროპის ქვეყნებში თავშესაფარი მიიღო.
ამას გარდა, მოტივად ასევე ასახელებენ ეთნიკურ კონფლიქტებს, შევიწროებას სექსუალური ნიშნით, ოჯახურ ძალადობას და ადამიანის ღირსების შეურაცხმყოფელ პირობებში სასჯელის ხელახლა მოხდის შიშს.
ლტოლვილებისა და აპარტიდების დაცვის ფრანგული ბიუროს მონაცემებით, იმატა თავშესაფრის მთხოვნელი ბიზნესმენების რიცხვაც, რომელბიც პოლიტიკური ძალების მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებებს უჩივიან.
ევროკავშირმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის მარტში აამოქმედა. იმ დროიდან ამ რეჟიმით საქართველოს 220 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. ევროკავშირის ქვეყნები ბოლო დროს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობის გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ. შეშფოთება გამოთქვეს გერმანიამ, შვედეთმა, ისლანდიამ.
გერმანიაში მხოლოდ 2018 წლის იანვარში თავშესაფარი საქართველოს 632–მა მოქალაქემ ითხოვა. პრაქტიკულად ყველამ უარი მიიღო. გერმანიის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა ევროკავშირის საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერება არ გამორიცხა იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზრდება.
საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართა კანონმდებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ინიციატივის თანახმად, ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას დაეკისრება.
გარდა ამისა, იგეგმება გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრება, რადგან საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე, რომლებსაც თავშესაფარზე უარს ეუბნებიან, ბრუნდება სამშობლოში, ნათესავების გვარზე გადადის და ისევ ევროკავშირის ქვეყნებში მიემგზავრება. ამა წლის მარტში ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტმა უკვე დაუჭირა მხარი შესწორებების პროექტს კანონში „სამოქალაქო აქტების შესახებ“, რომელიც გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრებას ითვალისწინებს.