რატომ არ ვითარდება შიდა ტურიზმი საქართველოში

საქართველოს ბევრი მოქალაქე მშობლიურ კურორტებს უცხოეთში დასვენებას ამჯობინებს
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოს შიდა ტურიზმი ერთ ადგილზეა გაჩერებული, ამის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი კი ქვეყნის კურორტებზე მომსახურების დაბალი ხარისხი, ასევე მაღალი ფასებია, წერს გაზეთი „რეზონანსი“ ტურიზმის საკითხებში ექსპერტ მანანა ალადაშვილზე დაყრდნობით.

ექსპერტის აზრით, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც შედარებით დაბალი შემოსავლები აქვს, კურორტებზე მაღალი ფასების გამო საერთოდ ვერ ახერხებს სადმე დასასვენებლად წასვლას. ალადაშვილი აღნიშნავს, რომ მაღალი ფასები ხშირად ხარისხს არ შეესაბამება.

„სწორედ ამიტომ შიდა ტურიზმის მაჩვენებელი ერთ ადგილს ტკეპნის. შიდა ტურიზმის კლების მიზეზი მომსახურების სფეროს პრობლემებშიც უნდა ვეძებოთ. საქართველოში ადეკვატური ფასი არაფერზე არ არის. ამიტომ ვისაც შესაძლებლობა აქვს, უცხოეთს ირჩევს და ფასშიც დიდად არ ზარალობს. წარმოიდგინეთ, საქართველოში 4-5-ვარსკვლავიან სასტუმროში გაჩერება რაც საუზმით ჯდება, იმ ფასად თურქეთში, ეგვიპტეში ან სხვა ქვეყნებში 2 ან 3-ჯერადი კვებით დაისვენებ“, – განაცხადა ალადაშვილმა.

National Geographic Traveler–მა ბათუმი ევროპის საუკეთესო ქალაქების ათეულში დაასახელა

ალადაშვილის აზრით, მხოლოდ ბუნებრივი პირობები და ლამაზი ხედები არ არის საკმარისი ტურიზმის განვითარებისთვის, ქვეყნის ხელისუფლებამ შიდა ტურიზმის ამაღლებისთვის ზომები უნდა მიიღოს, რადგან ის მთელ სექტორში მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ექსპერტმა აღნიშნა, რომ უცხოელი ტურისტების მხოლოდ 9%–ია ევროპიდან.

საქართველოში შიდა ტურიზმის კვლევა 2014 წლის მეორე კვარტალიდან დაიწყო და იმ დროისთვის ადგილობრივი ტურისტების რაოდენობამ 1 მილიონ 144.1 ათასი ადამიანი შეადგინა. მესამე კვარტალში — 1 მილიონ 338.3 ათასი, ხოლო მეოთხე კვარტალში — 989.9 ათასი ადამიანი. 

წლიური მონაცემების გამოქვეყნება მხოლოდ 2015 წლიდან დაიწყო. კვარტლის საშუალო მაჩვენებელმა 2015 წელს 1 მილიონ 30,1 ათასი ადამიანი შეადგინა. 2016 წელს შეინიშნებოდა მცირეოდენი გაუმჯობესება – 1 მილიონ 80 ათასი შიდა ტურისტი, ხოლო 2017 წელს მაჩვენებელი გაუარესდა – 1 მილიონ 53,1 ათასი ადგილობრივი ტურისტი.

საქართველოს შიდა ტურიზმი - დასახელდა პოპულარული მიმართულებები

სტატისტიკა აჩვენებს, რომ შიდა ტურიზმი საქართველოში ვერ ვითარდება და ერთ ადგილზეა გაჩერებული. ექსპერტები ხშირად ამბობენ, რომ ტრიზმი – ეს საქართველოს ნავთობია, თუმცა, ამით მეტად უცხოელი დამსვენებლები სარგებლობენ, ვიდრე ადგილობრივები.

სამშვილიანი დედის, მადონა კაკაურიძის თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქალაქიდან გასვლას ძლივს ახერხებს მაშინ, როცა ადრე წელიწადში რამდენიმე კურორტზე ახერხებდა ჩასვლას.

„ყოველ წელს ორჯერ ან სამჯერ მაინც მივდიოდი შვილებთან ერთად რამდენიმე დღით დასასვენებლად. ზაფხულობით აუცილებლად ზღვაზე, შემდეგ კი ზამთრის კურორტზე და თუ მიხერხდებოდა, აბასთუმანში ან სურამშიც ჩამყავდა ისინი. 2015 წელს ლარი რომ ძალიან გაუფასურდა და მოსახლეობაც პანიკაში იყო, მეც გადამედო შიში, თან ბანკის კრედიტი დოლარში მქონდა აღებული. მიუხედავად იმისა, რომ თანხა გადანახული მქონდა, შიშით ვერსად წავედი. მას შემდეგ უკვე ერთხელ მივდივართ ხოლმე რომელიმე კურორტზე, რომელსაც აირჩევენ ან რომელიც მათი ჯანმრთელობისათვის უფრო ხელსაყრელია“, – განაცხადა კაკაურიძემ და დასძინა, რომ საქართველოს ყველა კურორტზე არაადეკვატურად მაღალი ფასებია და მომავალში თურქეთისა და ეგვიპტის კურორტების არჩევას აპირებს.

შიდა ტურიზმი საქართველოში